რობერტ ბეილსის საქმე

ამერიკელ სამხედროს 16 ავღანელის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

abcnews.go.com

ამერიკელ სერჟანტს რობერტ ბეილსს, რომელმაც ავღანეთში 16 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა, სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ივნისის თვეში იგი მართლმსაჯულებასთან გარიგებაზე წავიდა და დანაშაულის აღიარების პირობით, სიკვდილით დასჯის ნაცვლად, ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე, სამუდამო პატიმრობას დათანხმდა.

ინციდენტი გასული წლის მარტში ყანდაარის პროვინციაში მოხდა. ბეილსი ორი სოფლის მაცხოვრებლებს ყველანაირი მოტივის გარეშე დაესხა თავს. სასამართლოზე მან თავისი ქმედებები მოინანია. მაგრამ დაღუპულთა ახლობლებმა, რომლებიც პროცესს ესწრებოდნენ, განაჩენით უკმაყოფილება გამოთქვეს.

ავღანელმა, რომელსაც ბეილსმა ოჯახის 11 წევრი, მათ შორის მეუღლე და ექვსი შვილი მოუკლა, ამერიკის მთავრობისგან კომპენსაციის სახით 550 ათასი დოლარი მიიღო. საერთო ჯამში დაღუპულთა ახლობლებმა 1 მილიონი დოლარი მიიღეს.

 

კომენტარები