საქართველოს პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: სააკაშვილი შესაძლოა მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გამოცემა bloomberg-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შესაძლოა კორუფციასთან დაკავშირებით მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.

"კანონის წინაშე ყველა თანასწორია. საქართველო ელიტურ კორუფციაში იხრჩობოდა და სააკაშვილს, როგორც მინიმუმ, უნდა სცოდნოდა ამის შესახებ, ან შეიძლება ჩართულიც კი იყო მასში", - ამბობს ივანიშვილი ინტერვიუში და დასძენს, რომ ყველაფერი გამოძიებასა და სასამართლოზეა დამოკიდებული. სააკაშვილის მიმართ კი გარკვეული კითხვები არსებობს.

სააგენტოსთან საუბრისას პრემიერის ბრალდებებს პრეზიდენტმა სააკაშვილმა "სასაცილო" უწოდა.

"ნებისმიერი მინიშნება კორუფციაზე ჩემი მთავრობის ან ჩემი მისამართით სასაცილოა, განსაკუთრებით იმ ხალხისგან, რომლებმაც ქვეყანაში ის კორუმპირებული ელიტა დააბრუნეს, რომელიც ჩვენ დიდწილად ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას... ჩვენ გვყავდა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება ევროპაში. ნებისმიერი სახის მუქარა ამ პრემიერმინისტრისგან მიმართულია მხოლოდ ერთისკენ - მოიშოროს პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყანაში", - განაცხადა სააკაშვილმა.

Bloomberg-ი წერს, რომ ივლისში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სააკაშვილის დროის ჩინოვნიკების პოლიტიკური დაპატიმრებები დაგმო და გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ ეს ყველაფერი გავლენას მოახდენდა აშშ-სთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობაზე. ივანიშვილის განცხადებით კი, ამერიკელებმა და ევროპელებმა თვალიდან ბეწვი ამოიღეს - "ისინი შოკში არიან, რადგან ის, რასაც თვლიდნენ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად, პრაქტიკულად დიქტატურა აღმოჩნდა", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები