სანდრო გირგვლიანის საქმე

ბაჩო ახალაია: კრიმინალებს ტყუილად ჰგონიათ, რომ მათი დრო მოვიდა

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

"რამდენიმე დღის წინ ქართველი კანონიერი ქურდების შეკვეთით, სასიკვდილოდ იქნა გამეტებული იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ჩხიტუნიძე", - თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ათენის ციხეში დავით ჩხიტუნიძის ცემის ფაქტს Facebook-ით ეხმიანება.

"ამ კრიმინალებს ტყუილად ჰგონიათ, რომ მათი დრო მოვიდა და შეუძლიათ შური იძიონ სახელმწიფოზე, მოქალაქეებზე, ყოფილ ან მოქმედ თანამშრომლებზე, რომელთაც დაამყარეს ქვეყანაში წესრიგი. რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამ ვითარების გარკვევას, გარწმუნებთ, შემკვეთებიც და შემსრულებლებიც უმკაცრესად აგებენ პასუხს კანონის წინაშე. მინდა ვუთხრა კანონიერ ქურდებს, რომ მათი "პალაჟენიის" დანგრევა და წესრიგის დამყარება ჩემი "ბრალია" და ამ საქმეს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივიყვან ბოლომდე", - ნათქვამია ახალაიას განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ ყოფილ მაღალჩინოსანს დავით ჩხიტუნიძეს ათენის საექსტრადიციო საპყრობილეში ფიზიკურად გაუსწორდნენ - იგი თავის არეში დაჭრეს. 

საქართველოს პროკურატურამ ჩხიტუნიძეს სანდრო გირგვლიანის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება წაუყენა ბრალად.

დღეს, 21 აგვისტოს, დავით ჩხიტუნიძის ადვოკატებმა ვახტანგ თალაკვაძემ და დალი იმნაიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ 14 აგვისტოს არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს იგი წითელი ცირკულარით ძებნის მოტივით იქნა დაკავებული ათენში.  

"სინამდვილეში, ჩხიტუნიძე ადვოკატებთან წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას და საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობას, რის შესახებაც მიმდინარე წლის 13 აგვისტოს განცხადებით მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, რადგან იმედი გვქონდა, რომ ჩხიტუნიძის ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ გაირკვეოდა სიმართლე. მან ათენის აეროპორტში სასაზღვრო პუნქტში წარადგინა პირადი დიპლომატიური პასპორტი ისე, რომ არ იცოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ პასპორტის გაუქმების თაობაზე, რის გამოც, იგი დააკავა ბერძნულმა მხარემ და ეჭვი გვაქვს, რომ შეგნებულად აჭიანურებენ დავით ჩხიტუნიძის ექსტრადიციას", - განაცხადეს ადვოკატებმა.

დღესვე, ჩხიტუნიძის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მის თქმით, საბერძნეთის ციხეში ნაცემმა ჩხიტუნიძემ საქართველოს ელჩთან და კონსულთან შეხვედრა არ მოისურვა. რაც შეეხება დავით ჩხიტუნიძის დიპლომატიურ პასპორტს, მინისტრი აცხადებს, რომ მისი მოქმედების ვადა საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუუქმებია.

 

კომენტარები