საპრეზიდენტო არჩევნები 2013

უწყებათაშორისი კომისია ახალი შემადგენლობით შეიკრიბა

დღეს, 19 აგვისტოს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა პირველად იმართება იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით.

შეგახსენებთ, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად კომისია აღარ ექვემდებარება ეროვნული უშიშროების საბჭოს. შეიცვალა მისი შემადგენლობაც და მას დაემატა თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების წარმომადგენლები.

კომისიის დღევანდელ სხდომას, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგნელები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან.

თბილისის იუსტიციის სახლში სხდომის დაწყებამდე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ კონკრეტული ფაქტები წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. ამ მიმართულებით ორი ძირითადი თემა გამოიკვეთა, წინასაარჩევნოდ გამოვლენილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ასევე ძალადობის ფაქტები. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დარღვევებზე რეაგირებას უწყებათაშორის კომისიას მოსთხოვენ.   

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირინა იმერლიშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ კომისიის მუშაობა ახლა უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე იყო უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში ყოფნის დროს. თუმცა იქვე განმარტა, რომ "კომისიის მუშაობა მაშინაც ეფექტური იყო".

 

კომენტარები