დაკითხვა

ხათუნა კალმახელიძემ პროკურატურის შენობა დატოვა

radioliberty.com

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილმა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ, პროკურატურის შენობა დატოვა. ჟურნალისტებთან საუბრისას, მან აღნიშნა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. კალმახელიძემ პროკურატურის მიერ დასმული კითხვები არ დააკონკრეტა, თუმცა, თქვა, რომ ყველა შეკითხვა ადეკვატური და საჭირო იყო.

კალმახელიძემ ციხის კადრების შესახებაც ისაუბრა. "ჩვენ ვნახეთ გარკვეული კადრები, რომლებიც ჩემთვის ძალიან სამწუხარო და ძალიან შემზარავი იყო. მომხდარი უაღრესად განვიცადე და თუკი ვინმეა დაინტერესებული გამოძიებით, პირველ რიგში ვარ მე", - თქვა კალმახელიძემ. 

ხათუნა კალმახელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ციხეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და თანამდებობა დატოვა. კალმახელიძემ მისი მინისტრობის დროს პენიტენციალურ სისტემაში გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ იმ პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა.

"გავატარე ისეთი რეფორმები, როგორიცაა გრძელვადიანი პაემანი. ეს საშუალებას აძლევდა პატიმარს, 24-საათის განმავლობაში, წელიწადში რამდენჯერმე ყოფილიყო ოჯახის წევრებთან ერთად. მალე თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება გაიხსნება, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩემ მიერ გაკეთებული პროექტია. პრაქტიკულად თავდაყირა დავაყენეთ ჯანდაცვის სისტემა, რადგან რეალურად არაფერი არსებობდა. საუბარი იყო ისეთი სისტემის გამოჯანსაღებაზე, რომელიც აბსოლუტურად დაავადებული იყო. მსურდა, სისტემისთვის შემემატა ის სტანდარტები, რაც მას ადამიანურობას შემატებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველამ ვიხილეთ ის, რაც ვნახეთ. სამწუხაროდ, ჩემი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა", - განუცხადა ჟურნალისტებს ხათუნა კალმახელიძემ. 

კალმახელიძემ ასევე თქვა, რომ ყოველთვის ეცნობოდა სახალხო დამცველის ანგარიშს, რაც მის მიერ გატარებულ რეფორმებს ბიძგს აძლევდა.

პროკურატურამ კალმახელიძესთან ერთად დაკითხვაზე ყოფილი სასჯელაღსრულების მინისტრი, დიმიტრი შაშკინიც, დაიბარა. თუმცა, შაშკინი სასამართლოში არ გამოცხადდა. ის საზღვარგარეთ იმყოფება. "პროკურატურის კითხვებზე პასუხის გაცემა ნებისმიერი ჩვენგანის კონსტიტუციური მოვალეობაა, შესაბამისად, 28 აგვისტოს ვიქნები თბილისში და გამოვთქვამ მზადყოფნას, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო", - განაცხადა შაშკინმა.

დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ წლების განმავლობაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სასჯელაღსრულების თითქმის ყველა დაწესებულებაში სისტემატურად, ყოველდღიურად და ჯგუფურად ხდებოდა, როგორც საკნებში, ასევე დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა, სათანადო რეაგირების გარეშე რჩებოდა.

"2013 წლის 25 ივლისს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის ცალკეულ პირთა მიერ სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზნით, გამოძახებულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრები ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი", - წერია განცხადებაში.

პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ბაჩანა ახალაიაც, დაიკითხება.

 

კომენტარები