ახალაიას საქმე

მამა ნიკოლოზი: მაიძულებდნენ ახალაიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიმეცა

The trial of former Defense Minister Bacho Akhalaia.
Reuters

ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს, სადაც ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელი მამა ნიკოლოზი ზეწოლაზე საუბრობს. მამა ნიკოლოზის განცხადებით, გამომძიებელმა კახა ჭუმბაძემ მას ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულა.

როგორც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, მამა ნიკოლოზი აიძულეს, ხელი მოეწერა ისეთ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, თითქოს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირები, ახალაიას რეკომენდაციით, სხვა პატიმრებთან შედარებით, უკეთეს პირობებში იხდიდნენ სასჯელს. 

"გამომძიებელი დაჭერის მუქარით, იძულებითა და შანტაჟით ცდილობდა, მამა ნიკოლოზს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიეცა ცრუ ჩვენება", - განაცხადა ახალაიას ადვოკატმა.
ადვოკატები ითხოვენ, დაიწყოს ამ საკითხის გამოძიება და პასუხისგებაში მიეცნენ ის პირები, ვინც სასულიერო პირზე ზეწოლა განახორციელა. 

ვიდეოჩანაწერში მამა ნიკოლოზი აცხადებს, რომ როდესაც კახა ჭუმბაძის სამუშაო ოთახში შევიდა, იქ სხვა გამომძიებლებიც იყვნენ, დაახლოებით 4 პირი და საუბარი მათ შორის შედგა. მისი თქმით, მისი დაკითხვა მთელი დღის განმავლობაში მიმდნარეობდა. 
"ისინი ითხოვდნენ ჩვენების მიცემას. ჩვენება შეეხებოდა ალანია, ღაჭავა, ბიბილურიძე, აფციაურის სასჯელის მოხდის პერიოდს. ისინი ითხოვდნენ ჩემგან არარსებული ფაქტების დადასტურებას, რომ ცრუ ჩვენება მიმეცა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. პირდაპირ, მუქარით მითხრეს, რომ თუ არ მოხერხდებოდა იმ ფაქტების დადასტურება, რაც მათ აწყობდათ, მოხდებოდა ციხის ყოფილი თანამშრომლის, 7 პირის, მათ შორის ჩემი დაკავება", - აცხადებს მამა ნიკოლოზი. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამა ნიკოლოზ ტაბაღუა, რომელიც ერისკაცობაში პოლიციის პოლკოვნიკი იყო, იმ ციხის უფროსად მუშაობდა, სადაც გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულები სასჯელს იხდიდნენ. 

 

კომენტარები