ელექტრონული მუსიკის ფესტივალი

გონიოში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი - Second Life Weekend - გაიმართება

Second Life Weekend

16-17 აგვისტოს გონიოში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Second Life Weekend გაიმართება. ფესტივალი უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მიზანია საქართველოს რეგიონებში ელექტრონული კულტურის განვითარება.

"მსგავსი ღონისძიებების ისტორიაში Second Life Weekend-ს უნიკალური ლოკაცია აქვს, გონიოს რომანული პერიოდის ციხესიმაგრეში ფესტივალი სტუმრებს ორი დღის განმავლობაში, შუადღიდან მეორე დილამდე ელოდება", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ფესტივალში  ქართველი და უცხოელი არტისტები მონაწილეობენ, მათ შორისაა Zurkin, Kancheli, Lasha Guruli, Sikha, Gio Shengelia, Bacho Chaladze, Greenbeam and Leon, Tadea, Barem და სხვა.

"Second Life Weekend ორი ბრენდის, Second Life Festival-ის და Weekend-ის გაერთიანებაა. Second Life ორგზის ელექტრონავტის მფლობელია საუკეთესო ფესტივალის ნომინაციაში. გონიოს ციხემდე ფესტივალი ჩატარდა ჭიათურაში, წყალტუბოში, დიდი დიღმის ველოდრომზე და თბილისში ყოფილი გამომცემლობის შენობაში. რაც შეეხება Weekend-ს, ეს იყო პირველი ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც თბილისში ჩამოვიდნენ ამბივალენტი, პაკო ოსუნა, ტიგა, ალექსანდერი და ტექნოს სამყაროს სხვა ვარსკვლავები", - ნათქვამია პრესრელიზში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში აგვისტოს ბოლოს ელექტრონული მუსიკის კიდევ ერთი ფესტივალი - Batumi Summer Set - იმართება.

კომენტარები