ელექტრონული მუსიკის ფესტივალი

სააკაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოში ვეღარასოდეს იზეიმებს ფუნდამენტალიზმი

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil?fref=ts

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, მეტი ყურადღებით მოეკიდოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალის "მისტერიკას" გარშემო განვითარებული მოვლენების მსგავს ინციდენტებს - ამის შესახებ პრეზიდენტი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, სადაც ის ფესტივალის ასურეთიდან თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანას ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ადგილობრივი გამგეობამ და სამღვდელოების "ცალკეულმა წარმომადგენლებმა" ზეწოლითა და მუქარის გამოყენებით, ფესტივალის ჩაშლა სცადეს. ამასთან, იმედს იტოვებს, რომ საქართველოში ფუნდამენტალიზმი ვეღარასდროს იზეიმებს:

"როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ადგილობრივი გამგეობისა და, სამწუხაროდ, სამღვდელოების ცალკეულმა წარმომადგენლებმა ორგანიზატორებზე პირდაპირი ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით სცადა, ჩაეშალა ელექტრონული და ფოლკლორული მუსიკის ფესტივალი "მისტერიკა", რომელიც თეთრიწყაროს რაიონში, ასურეთში უნდა ჩატარებულიყო.

ასეთი ფესტივალები ემსახურება საქართველოს პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის დადებითად წარმოჩენას საერთაშორისო მასშტაბით. გარდა ამისა, ასეთი ფესტივალები ხელს უწყობს ადამიანური ურთიერთობების განვითარებას, კულტურული კონტაქტების დამყარებას, ახალგაზრდების სოციალიზაციას და მათ ცივილიზებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

შეუძლებელია პროგრესი სიცოცხლის ხალისის გარეშე, შეუძლებელია განვითარება გარესამყაროს მიმართ გახსნილობის გარეშე! ჩვენი, ხელისუფლების, ეკლესიის, პოლიტიკოსებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების ვალია არა შიშისა და უწიგნურობისაკენ მოწოდება, არამედ - საზოგადოებაში გამბედაობის, გახსნილობის, განათლების, შემწყნარებლობისა და პროგრესის ქადაგება და ამ სწრაფვების ხელშეწყობა!" - ამბობს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, დაუშვებელია ადამიანების რაიმე ნიშნით სეგრეგაცია, დევნა და თავისუფლებების შეზღუდვა. ყველას თავისუფლების დაცვა კი სახელმწიფოს ვალია:

"ადამიანთა თანასწორობისა და თავისუფლებების შესახებ კონსენსუსი დემოკრატიული საზოგადოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია! ამიტომ, თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, მაშინ სახელმწიფოს ვალია, დაიცვას ყველას თავისუფლება, აღკვეთოს ერთი ჯგუფის მიერ მეორეზე ზეწოლა, ენერგიულად შეუწყოს ხელი საზოგადოებრივ შეთანხმებას იმის შესახებ, რომ საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულება სწორედ ერთმანეთის თავისუფლებების დაცვაა და არა - აკრძალვების, ტაბუსა და შიშების თავსმოხვევა ერთმანეთისთვის.

ჩვენ ვაშენებთ თავისუფალი საზოგადოების თავისუფალ სახელმწიფოს, ამისათვის კი თავისუფლებას პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა მივაღწიოთ! უპირველესად თავად უნდა განვთავისუფლდეთ, რომ სხვისმა თავისუფლებამ არ გაგვაღიზიანოს, რომ დავაფასოთ თავისუფლება და შევძლოთ მისი დაცვა! მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეების საზოგადოებას შეიძლება ქონდეს პასუხისმგებლობის განცდა სხვისი თავისუფლების მიმართ და მხოლოდ ასეთი საზოგადოება შეიძლება იყოს ერთიანი და ძლიერი!

ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ არა უმრავლესობის დიქტატურას, არამედ - დიქტატის მთლიანად დაძლევას. ხელი უნდა შევუწყოთ საზოგადოების წევრთა დამოუკიდებელ აქტივობას და მათ უფლებებს, რომ ეს აქტივობა სხვათა დაუზიანებლად და თავისუფლად განახორციელონ. სწორედ ესაა სახელმწიფოს ძირითდი ვალი და ამ მიზნიდან გადახვევა მხოლოდ იმას მოასწავებს, რომ ხელისუფალი დაშორდა საკუთარ ხალხს, ცალკე ბიუროკრატიად ჩამოყალიბდა და მომხმარებლური დამოკიდებულება გაუჩნდა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ეს დაუშვებელია!" - წერს სააკაშვილი.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ ხანებში მომრავლდა შემთხვევები, როდესაც ხელისუფლება თვალს ხუჭავს ძალადობაზე, არ იყენებს მის ხელთ არსებულ ლეგიტიმურ უფლებებს, უპირატესობას ანიჭებს პოპულიზმს და არა სწორ და პრინციპულ გადაწყვეტილებებს:

"რა თქმა უნდა, ესეც დაუშვებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, მაქვს რწმენა, რომ საქართველოში ვეღარასოდეს იზეიმებს ფუნდამენტალიზმი, უკანონობა, ქაოსი და უსამართლობა. მე მაქვს რწმენა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით თავისუფლებისკენ და განუხრელად გავაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს.

მინდა, მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ასეთ, ვინმესთვის შეიძლება უმნიშვნელო ინციდენტებს. ასეთი ფესტივალები, სხვა მსგავსი თავყრილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მათ ორგანიზებას ჩვენი ნიჭიერი და ინიციატივიანი თანამოქალაქეები ახერხებენ და მათ არა ხელის შეშლა, არამედ - წახალისება სჭირდებათ!

მიხარია, რომ თბილისის მერიამ ალტერნატიული ადგილი გამოუყო ფესტივალის ორგანიზატორებს და მიხარია, რომ ეს ფესტივალი, ისევე როგორც სხვა მრავალი პროგრესული ღონისძიება, მაინც ჩატარდება ახლაც და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც!" - წერს სააკაშვილი.

კომენტარები