იმიჯის პოლიტიკა

საპრეზიდენტო კამპანია: იმიჯის პოლიტიკა

ტელევიზია, სავარაუდოდ, მედიუმთაგან ყველაზე ემოციურია. სულ უფრო მეტი ხალხი ირჩევს თავის კანდიდატს გულის და არა ტვინის კარნახით. არჩევნებს იგებენ და აგებენ ემოციების და არა ლოგიკის მიხედვით.

ჯოზეფ ნაპოლიტანი,
ამერიკელი პოლიტიკური კონსულტანტი

საერთოდ, ქართველ პოლიტიკოსებს წერა არ უყვართ. თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, პრესაში პრაქტიკულად ვერ ნახავთ პარტიის ლიდერების, მინისტრების თუ პარლამენტარების პუბლიკაციებს, რომ არაფერი ვთქვათ უფრო დაბალი რანგის ფიგურებზე. საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა წიგნის გამოცემაც, აქაც უფრო გამონაკლისებზე შეიძლება ლაპარაკი, ვიდრე წესზე.

დავით ზურაბიშვილი,
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი

კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ცნობადი სახის, დავით ზურაბიშვილის, ზემოხსენებული ციტატა 2001 წელსაა დაწერილი და ამონარიდია მიხეილ სააკაშვილის წიგნის – „გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის" – წინასიტყვაობიდან. ამ წინასიტყვაობაში ზურაბიშვილი სასარგებლოდ გამოარჩევს რა (იყო ასეთი დრო!) საქართველოს მომავალ პრეზიდენტს იმხანად მოღვაწე პოლიტიკოსთაგან, გვატყობინებს, რომ „სააკაშვილი ქართველ პოლიტიკოსთა იმ მცირეოდენ გამონაკლისს მიეკუთვნება, რომელიც არა მხოლოდ ლაპარაკობს, არამედ წერს კიდეც". ანუ, ამ სიტყვების საერთო პათოსი, სავარაუდოდ, გულისხმობს შემდეგ ჭეშმარიტებას: პოლიტიკოსი ვალდებულია, საკუთარი აზრები, პროექტები, განცდები ამომრჩეველს წერითი ფორმით შესთავაზოს. ვინაიდან პუბლიკაცია ხშირ შემთხვევაში იძლევა პოლიტიკური გზავნილის რაციონალური, ინტელექტუალური გააზრების საშუალებას.

პუბლიკაციაში საქმე უფრო ჩანს, ვიდრე პოზა. პუბლიკაციაში ავტორი თავისუფალია, სრულად ჩამოაყალიბოს თავისი სათქმელი და არ გახდეს არასწორი ინტერპრეტაციისა და გაუგებრობის მსხვერპლი. სულ სხვაა ტელევიზიის სპეციფიკა. ტელევიზია გაცილებით მაღალი ინტენსივობის მედიუმია. შესაბამისად, ის პოლიტიკური გზავნილის მეტწილად ემოციურ აღქმას ემსახურება და არა რაციონალურს. თანაც, თუკი, ერთი მხრივ, ტელევიზია ამომრჩეველთა ფართო აუდიტორიაზე მყისიერი წვდომის საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ, თავად უწესებს კიდეც პოლიტიკოსს თამაშის წესებს.

ტელემაყურებლის გემოვნებისა თუ პოლიტიკური გზავნილის აღქმის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს პოლიტიკოსის ტელეგენურობა, მისი საკომუნიკაციო უნარი. ამიტომ, თანამედროვე პოლიტიკოსისთვის ხშირ შემთხვევაში ინტელექტი და პროფესიონალიზმი არ კმარა, ის სპექტაკლის შეგრძნების გარკვეული ნიჭითაც უნდა იყოს დაჯილდოებული. ბერტოლდ ბრეხტი თავის ესეში „წერილები პოლიტიკისა და საზოგადოების შესახებ", ამბობდა: „ადამიანი პოლიტიკაში ან ობიექტია, ან სუბიექტი; სხვა არჩევანი არ არსებობს". ანუ, თუკი წარმოვიდგენთ, რომ ამომრჩეველი, როგორც ობიექტი, მისგან ქვეცნობიერად ემორჩილება ერთგვარი პოლიტიკური სპექტაკლის კანონებს, ამ შემთხვევაში პოლიტიკოსის მიზანია ამომრჩევლის იმნაირადვე მონუსხვა, როგორც მსახიობი მონუსხავს ხოლმე მაყურებელს. მსგავსი პროცესისთვის კი ტელევიზია, თავისი მაშტაბურობითა და მიზიდულობის ძალით, საუკეთესო საშუალებაა.

ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ გამოსახულების, იმიჯის პოლიტიკამ ტელევიზიის მეშვეობით გარკვეულწილად ჩაანაცვლა პარტიული პროგრამების პოლიტიკა. ეს გლობალური პროცესია და, ცხადია, ამ პროცესში არც საქართველოა გამონაკლისი. ამ მხრივ საინტერესოა, თუ როგორ წარდგებიან მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტის პოსტის ძირითადი მაძიებლები – მარგველაშვილი, ბაქრაძე, ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი და სხვანი.

მას შემდეგ, რაც 2004 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად სალომე ზურაბიშვილი დანიშნა და ეს უკანასკნელი ე.წ. executive game-ის (პოკერისტების სლენგზე „ბობოლების თამაში") მონაწილე გახდა, დიდი იყო იმედი, რომ ევროპიდან მოვლენილი მინისტრი ქართულ საკომუნიკაციო სივრცეში საუკეთესო სტანდარტებს დაამკვიდრებდა. იმდროინდელი მინისტრის საჯარო გამოსვლებში უხვად იყო კონკრეტიკა და ბევრად ნაკლები – პათეტიკური გადახვევა. იგრძნობოდა მაღალი დონის ფუნქციონერის მშვიდი ძალა.

ავდაჯერებულობა და პროფესიონალიზმი. გარკვეული ქარიზმა და ელეგანტურობა.

„ნანუკას შოუში" ამასწინანდელმა მონაწილეობამ თვალნათლივ დაგვანახა, თუ რა კარგი შეიძლება ყოფილიყო სალომე ზურაბიშვილი. ეს იყო storytelling-ად ცნობილი საკომუნიკაციო ტექნიკის შესანიშნავი მაგალითი. არქაული ქართულის ნიმუშებიც კი („ყველა ემიგრანტი ჩამადნებზე ცხოვრობდა", „ბებიაჩემი იყო ნიკო ნიკოლაძის უმფროსი შვილი") კოლორიტულობას მატებდა მის თხრობას. წარსულის გახსენებისას (ბავშვობა, იმდროინდელ ემიგრანტთა ყოფა, დიპლომატიური კარიერის დასაწყისი, პირველი და, შემდგომ, მეორე მეუღლის გაცნობა, ცხოვრებისეული სიხარული და ტკივილი), ყოფილი მინისტრი მიმზიდველი და იუმორიანი, თბილი და ადამიანური იყო. „ქალბატონი სალომე"!

იმიჯის პოლიტიკამ ტელევიზიის მეშვეობით გარკვეულწილად ჩაანაცვლა პარტიული პროგრამების პოლიტიკა. ეს გლობალური პროცესია და, ცხადია, ამ პროცესში არც საქართველოა გამონაკლისი.

მაგრამ, საქმეც ის არის, რომ ასეთი სალომე ზურაბიშვილი უკანასკნელ წლებში პრაქტიკულად არ გვინახავს. როგორც ჩანს, ქართული პოლიტიკის ორომტრიალმა ჩაითრია მალევე, რაც იმდროინდელ ოპოზიციაში ამოყო თავი. დაიწყო არსებული ხელისუფლების მიწასთან გასწორება და დიაბოლიზაცია (ჯერ მარტო „ძიალოგი ეშმაკისეულია"-ს მღერა რად ღირს!). საოცარია, მაგრამ საუკეთესო დიპლომატიურ სკოლაგამოვლილმა ქალბატონმა თითქოს დაივიწყა საჯარო პოლიტიკის ძირითადი პრინციპი – ნურაფერს იტყვი და დაწერ ისეთს, რისი დასაბუთებაც არ შეგიძლია. არადა, მსგავსი, კონსპირაციულ თეორიებზე აგებული ბრალდებები (2007 წელს სოფელ წითელუბნის დაბომბვის ეპიზოდი; 2010 წელს პარიზში ირანის გამო სააკაშვილის „გაკიცხვის" ამბავი) ქ-ნი სალომეს, როგორც ოპოზიციონერის რიტორიკაში მრავლად იყო.

ამჯერად საინტერესოა, შეძლებს თუ არა ქ-ნი ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის კონსტრუქციულ, საქმიან თემებზე აგებას. მოგვევლინოს მართლაც დასავლური საკომუნიკაციო სტანდარტების გამტარებლად და არა „ცხრაწლიან ნგრევაზე" ქულების დამგროვებელ აბორიგენ პოლიტიკოსად.

ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ მეობაში მის მიერ მორგებული იმიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. „მისი თმის ვარცხნილობა მარგარეტ თეტჩერისას წააგავს და რკინის ლედი მის პოლიტიკურ კერპებს შორისაა", წერდა დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერის შესახებ ლონდონის Times-ის ჟურნალისტი ტონი ჰალპინი 2008 წლის ნოემბერში. უმწიკვლო კოსტიუმები და თმის ვარცხნილობა, ელეგანტური ფეხსაცმელები და მუდმივი მაკიაჟი – აი, ქ-ნი ბურჯანაძის საფირმო ნიშანი. „რკინის ლედი", „ლედი ნინო"! – ასეთად იცნობენ პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის შემსრულებელს მისი მომხრეები.

მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ მსგავსი იერსახე ამომრჩეველთა ფართო მასებში გაუცხოების, ერთგვარი სნობიზმის ნიშნებთანაა გაიგივებული. ბურჟუაზიული იმიჯის მქონე პოლიტიკოსი ვერ იქნება ჭეშმარიტად სახალხო ლიდერი. ამას, როგორც ჩანს, შესანიშნავად აცნობიერებს თავად ქ-ნი ბურჯანაძეც. და აი, ტელევიზიის კიბეებთან გამართული სამახსოვრო აქციებისას, დემონსტრანტების წინაშე სულ სხვა ლედი ნინო წარდგა. სადღა იყო წინა, 2010 წელს მოსკოვში, დეკემბრის სუსხში პუტინთან ერთად მემორიალის გახსნისას გმირულად დემონსტრირებული „შპილკები"! ამჯერად ქ-ნი ნინო სადა, ტილოს ზედა-ქვედასა და დაბალძირიან ფეხსაცმელებში გამოწყობილი მოგვევლინა. ხელმისაწვდომი და დემოკრატიული. უპრეტენზიო. „აი, ნახეთ, მეც თქვენნაირი ვარ", თითქოს ეუბნებოდა პოლიტიკური ლიდერი იქ დამსწრე საზოგადოებას. სიმღერაც სათანადო შეარჩია – „ბელა ჩაო", იტალიელი ანტიფაშისტების, ძირითადად მემარცხენეების სიმღერა.

ეს არცთუ ცუდი მაგალითია პოლიტიკური კომუნიკაციისა. ოღონდ, კომუნიკაცია მაშინაა ქმედითი, როდესაც სარწმუნოა. ჰოდა, არის კი სარწმუნო და სანდო პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე? 2007 წლის 9 ნოემბერს იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარე გვაუწყებდა: „ძალიან კონკრეტული ქვეყნის და კონკრეტული ძალების ინტერესში შედიოდა ის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო არასტაბილურობა". სულ რაღაც წელიწად-ნახევარში და აწ უკვე გადატანილი ომის პირობებში, ქ-ნი ბურჯანაძე ეახლა კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულ მმართველს დღემდე გაურკვეველი მიზნითა თუ მოტივაციით...

შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ არსებული საპრეზიდენტო კანდიდატებიდან თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნიკით საუკეთესოდ აღჭურვილად გიორგი მარგველაშვილი გვესახება. იმისდა მიუხედავად, რომ განათლების აწ უკვე ყოფილი მინისტრი არაა პროფესიონალი პოლიტიკოსი, მას საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მრავალწლიანი ხელმძღვანელობისას, უთუოდ დაუგროვდებოდა თეორიული ცოდნის საკმაო მარაგი.

„რაც უფრო მეტად სწადია ადამიანს ძალაუფლება, მით უფრო უნდა ნიღბავდეს ამას სატელევიზიო გამოსვლისას”.

Fox News Channel-ის
ერთ-ერთი დამაარსებელი როჯერ ეილსი

ბ-ნი მარგველაშვილი ჩინებულად ფლობს ტელევიზიისთვის აუცილებელ ე.წ. დაბალი ინტენსივობის (low pressure) ტექნიკას. ტელეეკრანზე გამოჩენისას არ ნერვიულობს, არ შფოთავს და არ უმაღლებს ხმას. ქართველ პოლიტიკოსთათვის ესოდენ დამახასიათებელი ისტერიული ინტონაციები მას თითქმის არ სჩვევია. პოლიტიკური კომუნიკაციების უბადლო მცოდნე, Fox News Channel-ის ერთ-ერთი დამაარსებელი როჯერ ეილსი ამბობს, რომ „რაც უფრო მეტად სწადია ადამიანს ძალაუფლება, მით უფრო უნდა ნიღბავდეს ამას სატელევიზიო გამოსვლისას". გ. მარგველაშვილი სრულად ეწერება ამ რეგისტრში. თუმცა, ქართული ოცნების ფავორიტის პრობლემა, მისი რიტორიკის არა ტონალურ, არამედ შინაარსობრივ ასპექტებში უნდა ვეძებოთ: „ქართველმა ერმა უნდა გაიზიაროს და მხარი დაუჭიროს იმას, რასაც მას კოალიცია და მე ვეტყვით", ერთობ უცნაური ფრაზაა დემოკრატიის ბაირაღით მებრძოლი ლიდერისთვის.

ისე კი, ბ-ნი მარგველაშვილის პოლიტიკური პოზიციონირების შედევრი აგვისტოს ომის მისეული ინტერპრეტაციაა: „საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო ძალით რუსეთს წაართვას ტერიტორიები". არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მრავლისმეტყველი ჟესტიკულაციით, საფეთქელთან თითის ტრიალით თანხლებულ ამ წინადადებას კიდევ მრავალგზის მოაგონებენ ბ-ნ მარგველაშვილს, თუკი ის მართლაც მოგვევლინა სახელმწიფოს მეთაურის რანგში (ანტიკურ ათენში არსებული პოლიტიკური სისტემა ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევდა ასულიყო აგორის ტრიბუნაზე და მოესინჯა საკუთარი თავი ორატორის როლში. ათენელები ასეთ პიროვნებას უწოდებდნენ „idiotai", ანუ „კერძო პირი", „მოყვარული", რომელიც პროფესიონალი ორატორისგან განსხვავებით, იდეალიზმითა და სიხალასით გამოირჩეოდა. ამაში იყო ათენური დემოკრატიის ხიბლი. თუმცა, ჩვენს წინააღმდეგობებით აღსავსე სამყაროში, მსგავსი idiotai-იზმების გამოვლინებებს შესაძლოა ქვეყნის სუვერენიტეტი გადაყვეს კიდეც).

ცალკე თემაა ქრისტიან-დემოკრატი გიორგი თარგამაძისა და ამ პარტიის სხვა ლიდერების მიერ აპრობირებული რიტორიკა. მუდამ არსებობს განცდა, რომ თუკი საქართველოში მცხოვრები უცხოელი დიპლომატები, ან მათი ოჯახების წევრები, ანუ ხალხი, ვისაც ქართული არ ესმის, საარჩევნო კამპანიისას ჩართავენ ტელევიზორს და ქრისტიან-დემოკრატების რომელიმე მიტინგის ამსახველ კადრებს მოკრავენ თვალს, უთუოდ იფიქრებენ, რომ შიზოიდების ქვეყანაში ამოყვეს თავი. ყვირილი, ისტერიული შეძახილები და სხვა მრავალი ვნებათაღელვა უხვად ახასიათებს ამ პარტიის წარმომადგენელთა გამოსვლებს.

გარეგნულს რომ თავი დავანებოთ, არც ქრისტიან-დემოკრატთა გამოსვლების შინაარსობრივი მხარეა პათეტიკას მოკლებული: „ჩვენ 21-ე საუკუნის ჯვაროსნები ვართ და უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ჩვენს უკან საქართველოა", შესძახა გასული წლის საარჩევნო კამპანიისას გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ქდმ-ელმა გიორგი ახვლედიანმა. მერე კი, ეს ჯვაროსანი შეიძლება შეგხვდეთ სადმე კარფურში, მშვიდად მოაგორებდეს სურსათ-სანოვაგით სავსე ურიკას.

დაბოლოს, ნაციონალური მოძრაობის სავარაუდო კანდიდატის, დავით ბაქრაძის იმიჯის დადებითი მხარეებიც და სუსტი წერტილებიც მის ნაკლებ ქარიზმატულობაში უნდა ვეძებოთ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არაა მგზნებარე ტრიბუნი. ძნელი წარმოსადგენია, რომ მან ცეცხლოვანი გამოსვლებით აღანთოს და აღატყინოს ხალხთა მასები. მისი კოზირები სულ სხვა სახისაა: თავმდაბალი, საქმის მცოდნე ფუნქციონერი. თუმცა ახალგაზრდა, მაგრამ უკვე მრავლისმნახველი, პროფესიონალი პოლიტიკოსი. საკუთარი პოლიტიკური გუნდის გამაერთიანებელი და მეტოქესთან საერთო ენის გამომძებნელი. სტაბილურობისა და თანმიმდევრულობის გარანტი. დასავლური პოლიტიკის სოციოლოგია მსგავს პოლიტიკურ ტიპაჟს მოიხსენიებს, როგორც – common man, „რიგითი მოქალაქე".

ასეთი პოლიტიკოსები (რომელთა არქეტიპად ყველაზე ხშირად ჰარი ტრუმენი განიხილება) გაკერპების საფუძველს ნაკლებად იძლევიან, სამაგიეროდ, სახელმწიფოს საჭის განუხრელ, ურყევ მმართველებად მოგვევლინებიან ხოლმე. ჩვეულებრივ არაოდიოზური ფიგურები, ამ კატეგორიის პოლიტიკოსები მეტოქეთა სიძულვილს, როგორც წესი, ნაკლებად პროეცირებენ. ამიტომაც, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი, მაგრამ მუდამ მოწესრიგებული და უდრტვინველი დავით ბაქრაძე საარჩევნო კამპანიისას უდავოდ შეეცდება პროფესიონალიზმის კარტის გათამაშებას. იგი შეეცდება წარდგეს, როგორც გამაერთიანებელი, ყველასთვის მისაღები კანდიდატი. ეს ყოველივე გვაფიქრებინებს, რომ მისი გაცილებით აჟიტირებული მეტოქეები ამის საშუალებას საკმარისად მისცემენ.

კომენტარები