საპრეზიდენტო არჩევნები 2013

მარგველაშვილი: მე მაქვს იმედი ქართველი ერის პოლიტიკური სიბრძნის

გიორგი მარგველაშვილი
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დღეს, 12 აგვისტოს, კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, რომელიც პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. ცერემონია სოფელ ნოქალაქევში გაიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში სწორედ ამ ადგილის ისტორიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"აქედან დაიწყო საქართველოს მშენებლობა, როდესაც ქუჯი ერისთავმა თანხმობის ხელი გაუწოდა ფარნავაზს, სწორედ ამით შეიქმნა ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ საუკუნეები. როდესაც ასეთ მიწაზე დგახარ, შეუძლებელია არ იგრძნო შენი ვალდებულება, რომ შენც ბევრი გაქვს გასაკეთებელი", - განაცხადა მარგველაშვილმა.  

მისი თქმით, "დიდი ტვირთია", როდესაც "ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ძალა გასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატად".

"მე ვგრძნობ ამ ვალდებულებას და მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს და კოალიციას ასეთი დიდი ნდობის გამოცხადებისთვის", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, ის იბრძოლებს თითოეული ხმისთვის და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული სწორედ ის იქნება.

"გპირდებით, რომ გავიმარჯვებ, იმიტომ რომ მე მაქვს იმედი ქართველი ერის პოლიტიკური სიბრძნის,  და არა მარტო იმედი, მე მაქვს მაგალითი ამის, შარშან, ერთი წლის წინ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ქართველი ერის საშუალებით და ქართველ ერთან ერთად, მშვიდობიანად შეცვალა ხელისუფლება".

გიორგი მარგველაშვილმა ხელისუფლების 9 თვის მიღწევებზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში შეეხო სოფლის მეურნეობის 500-ლარიან ვაუჩერებს, მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოების პროგრამას, საყოველთაო დაზღვევას, მედიისა და ბიზნესის ზეწოლისგან გათავისუფლებას და სხვა.

"27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია მთავრდება და ქვეყანას არ ეყოლება პრეზიდენტი, რომლის მიზანია ქვეყნის დისკრედიტაცია, სასამართლო პროცესებში ჩარევა, აბსოლუტურად აბსურდული ვეტოები და რეალურად ქვეყნის საბოტირება. ეს მთავრდება 27 ოქტომბერს თქვენთან ერთად და თქვენი მეშვეობით. ამდენად, მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ჩართული იქნება საზოგადოებასთან თანამშრომლობაში და საზოგადოების პულსზე ეჭირება ხელი", - განაცხადა მარგველაშვილმა. 

კომენტარები