საპრეზიდენტო არჩევნები 2013

პრემიერი: ვანგრევთ სტერეოტიპს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ზეკაცია

Reuters

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანია გახსნა.

ცერემონია სენაკში, სოფელ ნოქალაქევში გაიმართა.

პრემიერის თქმით, "მარგველაშვილი ყველას პრეზიდენტი იქნება", ხოლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველად მოხერხდება იმ  სტერეოტიპების დამსხვრევა, როდესაც "ქვეყნის პრეზიდენტი ზეკაცია, რომელიც ყველაფერს ჩვენს მაგივრად გადაწყვეტს".

"ისევ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვხვდებით ერთმანეთს, ისევ გამარჯვებისთვის ვემზადებით. ჩვენი შეხვედრისთვის შევარჩიეთ ეს ისტორიული ადგილი, საიდანაც საქართველოს გამთლიანება დაიწყო. ქართულ საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მინდა წარვუდგინო ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ჩვენი საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელია და ევროპული ყაიდის ლიდერია. ვარღვევთ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებულ სტერეოტიპს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ზეკაცია, რომელიც ყველაფერს ჩვენს მაგივრად გადაწყვეტს. ევროპაში ეს ასე არ არის. უნდა დავამსხვრიოთ ეს მახინჯი სტერეოტიპი. ქვეყნის პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ ნამდვილად ევროპულად მოაზროვნე ადამიანი, რაც დაამთავრებს საქართველოში ერთი კაცის ჭკუაზე ქვეყნის მართვას, ერთი კაცის იმედად ყოფნას და ყველას დაანახებს, რომ ჩვენც შეგვიძლია დემოკრატიული პრინციპებით აზროვნება და სახელმწიფოს შენება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა გიორგი მარგველაშვილის პიროვნებაზე და განაცხადა, რომ "ის არასდროს გამოკიდებია თანამდებობას და მას მაღალი თანამდებობის გარეშეც ღირსეული ადგილი უჭირავს ჩვენს საზოგადოებაში".

"გიორგი საოცრად უშუალო ადამიანია, ინტელექტუალი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორია, იგი წარმატებით უძღვებოდა ერთ-ერთ საუკეთესო უმაღლეს სასწავლებელს, სხვათა შორის, ამ სასწავლებლის დაფუძნებაში მას ლომის წვლილი ჰქონდა, იმის მიუხედავად, რომ გიორგი ყოველთვის ახლოს იყო პოლიტიკასთან, ვერავინ დასწამებს, რომ ის პოლიტიკური ინტრიგების მონაწილე იყო. იგი არცერთი პარტიის წევრი არ არის, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი პრეზიდენტი ყველას ინტერესების დამცველი იქნება. მთელი ქვეყნის პრეზიდენტი იქნება ჩვენი გიორგი, ყველას პრეზიდენტი იქნება ჩვენი გიორგი".  

ივანიშვილმა მარგველაშვილს საჩუქრად გადასცა ის კალამი, რომელსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს იყენებდა.

 

კომენტარები