საჯარო სამსახური

TI-საქართველოს ცნობით, საჯარო დაწესებულებებიდან სულ 5 638 თანამშრომელი დაითხოვეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო კვლევას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოქმედი საჯარო დაწესებულებებიდან მთლიანობაში 5 638 თანამშრომელი დაითხოვეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, დასახელებული ციფრიდან 2 336-მა, ანუ 41%-მა სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ეს კი ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ხშირ შემთხვევაში საჯარო მოხელეები საკუთარი ნებით სამსახურს არ ტოვებდნენ. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საჯარო სამსახურში 7 800 ახალი თანამშრომელი მიიღეს და აქედან კონკურსის მიხედვით მხოლოდ 4%, ანუ 257 დაინიშნა. იმ საჯარო უწყებებიდან კი, რომლებმაც ორგანიზაციას საშტატო ნუსხები მიაწოდეს, საერთო ჯამში, თანამშრომელთა 11% გათავისუფლდა. 

კვლევის მიხედვით, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებიდან სულ 3 769 მოსამსახურე გათავისუფლდა, ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულებებიდან კი - 1 769. საერთაშორისო გამჭვირვალობის თქმით, გათავისუფლებების ტალღა 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო და ცალკეულ შემთხვევაში გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ორგანიზაცია ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელებს მიმართავს და მოუწოდებს, საჯარო სამსახურში პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით საკადრო ცვლილებები არ დაუშვან. საჯარო მოხელის დანიშვნისა და გათავისუფლების კრიტერიუმი კი შეიძლება იყოს მხოლოდ მისი კვალიფიკაციის შესაბამისობა დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან. საერთაშორისო გამჭვირვალობა აღნიშნავს, რომ რეკომენდებულია, ნებისმიერი საკადრო ცვლილება მხოლოდ კონკურსისა და ატესტაციის გზით მოხდეს.

რაც შეეხება კვლევას, საანგარიშოდ აღებული იყო 2012 წლის 20 ოქტომბრიდან პირველ მარტამდე პერიოდი. ის საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას, ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ პირისპირ ან ტელეფონით ჩატარებულ ინტერვიუებს და მასმედიით გავრცელებული ცალკეული შემთხვევების ანალიზს ეფუძნება.

კომენტარები