საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ცესკო-ს თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორს მიმართავს

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშში გამოთქმულ შეფასებებს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ არაკვალიფიციურად მიიჩნევს. ზურაბ ხარატიშვილი თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის გადაწყვეტილება, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს კონსტიტუციას ეფუძნება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ცესკო-ს თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავიანთ შეფასებებს კონსტიტუციასა და სასამართლოზე მაღლა ნუ დააყენებენ, რადგან ეს მათ კომპეტენციასა და მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ დააყენებს. "ეს დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამგვარად, "სამართლიანი არჩევნების" მიერ იმის მტკიცება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარემ კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, არ შეიცავს სამართლებრივ არგუმენტაციას და ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეს", - აცხადებს ხარატიშვილი.

სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა კანდიდატად რეგისტრაციის განცხადების მიღებაზე უარის თქმით კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა.

”მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური ნორმები ამ მხრივ, გარკვეულწილად, ნათლად არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა, მათი არა ფრაგმენტული, არამედ ერთობლივი, კომპლექსური განმარტებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უკრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს უფლებას, კანდიდატის სტატუსით მონაწილეობა მიიღონ და არჩეულ იყვნენ საპრეზიდენტო არჩევნებში” - აცხადებს ორგანიზაცია.

კომენტარები