არჩევნები

წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის შემზღუდავი ახალი ნორმები ამოქმედდა

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

არჩევნების პერიოდში საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებასთან დაკავშირებით ახალი აკრძალვები ამოქმედდა. საარჩევნო კანონმდებლობაში ამ მიმართულებით შეტანილი ცვლილებები პარლამენტმა დაახლოებით ორი კვირის წინ მიიღო.

წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ორგანოში თანამდებობა უკავია, რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ კამპანიის პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ეკრძალება. აკრძალვა გულისხმობს: სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც კანდიდატის წარდგენას ან არჩევას ხელს უწყობს; სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას; აგიტაციას სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.

გარდა ამისა, წინასაარჩევნო 60 დღის განმავლობაში, არჩევნების დღის ჩათვლით, იკრძალება ისეთი პროექტების, პროგრამების განხორციელება, რომლებიც ბიუჯეტში მანამდე გათვალისწინებული და გაწერილი არ იყო. ასეთი აკრძალვა ვრცელდება სოციალური პროგრამების - პენსიის, დახმარებების, შემწეობების ზრდაზე და აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს შესაძლებლობა ეძლევა სასამართლოს მიმართოს და ხარჯების შეჩერება მოითხოვოს.

საარჩევნო კამპანიის პერიოდში ასევე იკრძალება სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით სააგიტაციო მასალის, ვიდეო ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის შექმნა, იმ შემთხვევაში თუ მასში ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი, პოლიტიკური პარტია, მისი არჩევნების მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მიმართ საწინააღმდეგო ინფორმაცია. ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაშიც საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის გამოყენება იკრძალება.

გარდა ამისა, აკრძალულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე.

 

კომენტარები