ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეკონომიკის მინისტრს შეხვედრას სთავაზობს

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე საქართველოს მთავრობას ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით კოორდინირებულ მუშაობას, ეკონომიკის მინისტრს კი შეხვედრას სთავაზობს.  

"თუ ეკონომიკის მინისტრი დადებითად გამოეხმაურება ამ შეთავაზებას, ჩვენ მზად ვართ ხვალ, მისთვის მისაღებ ნებისმიერ დროს მივიდეთ სამინისტროში და ეს შეხვედრა შედგეს. ჩვენ მზად ვართ, როგორც ოპოზიციამ, ყველა იმ საკითხში, რაც უკავშირდება ეკონომიკის განვითარებასა და ადამიანების დასაქმებას, ძალიან კოორდინირებულად ვიმუშაოთ ხელისუფლებასთან, რათა გაჩნდეს სტაბილურობის განცდა", - განაცხადა ბაქრაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

დავით ბაქრაძემ საზოგადოებას, ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესების მიზნით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ინიციატივაც გააცნო, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საგადასახადო მიმართულებებს მოიცავს.

"პოლიტიკური მიმართულება - ეროვნული თანხმობის აქტის მიღება, რომლითაც მომავალში დარეგულირდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გარდამავალ პერიოდში არსებული პრობლემები; ეკონომიკურ თემებზე უცხოელი ინვესტორების და პარტნიორებისთვის კოორდინირებული გზავნილების მიწოდება; წინა წლების ეკონომიკური პროექტების და წარმატებების (Doing Business, სხვადასხვა ეკონომიკური რეიტინგები) აღიარება და გაგრძელება; ეკონომიკურ საკითხებზე მუდმივი პოლიტიკური კონსულტაციები ბიზნესისთვის სტაბილური გარემოს და სტაბილურობის განცდის შექმნის მიზნით; მთავრობასა და პარლამენტს შორის მეტი კოორდინაცია ახალი ეკონომიკური ინიციატივების მომზადების წინასწარ პროცესში.

ეკონომიკური მიმართულება - ბიზნესისთვის საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება - კორუფციული გარიგებების აღმოჩენის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივად მხოლოდ საჯარო მოხელეების და არა ბიზნესის დასჯა; მთავრობის მხრიდან ახალი რეგულაციების შემოღებაზე მკაცრი ეკონომიკური ფილტრის დაწესება. კერძოდ, სპეციალური სტრუქტურის შექმნა მთავრობის, პარლამენტის, ბიზნესის, არასამთავრობოების მონაწილეობით, რომელიც ყველა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას შეაფასებს ეკონომიკაზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით (ევროპის ქვეყნებში არსებული Regulatory Impact Assessment მოდელის გამოყენებით); საწარმოს არაგეგმიური შემოწმების აკრძალვა სასამართლოს ნებართვის გარეშე; ეკონომიკური ტიპის დანაშაულებზე წინასწარი პატიმრობის აკრძალვა და მხოლოდ გირაოს გამოყენება; საწარმოებისთვის გადასახადების წინასწარი გადახდის იძულების სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადება და კანონით აკრძალვა; გადასახადების შემცირების გაგრძელება.

საგადასახადო მიმართულება - საგადასახადო რეგულაციების გამარტივება - მცირე ბიზნესისთვის სასაქონლო ზედნადებების გაუქმება; გადახდილ გადასახადზე 10%-ზე ნაკლები ცდომილების შემთხვევაში, ცდომილების გასწორება დასჯის და ადმინისტრაციული იძულების მექანიზმების გარეშე; საგადასახადო შემოწმებების ხანგრძლივობის გონივრული მაქსიმალური ვადის შეზღუდვა; საგადასახადო შემოწმებების სიხშირის მკაცრად შეზღუდვა; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის (ფინანსური პოლიცია) საწარმოების შემოწმების აკრძალვა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ საწარმოს მიმართ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საგადასახადო სამსახურის მხრიდან", - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინიციატივებში.

კომენტარები