2008 წლის აგვისტოს ომი

სააკაშვილი: მედვედევს წამოცდა მალე ბევრად უარესი იქნებაო

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა, დმიტრი მედვედევი მას ემალებოდა.

სააკაშვილის თქმით, მედვედევს მან ორჯერ დაურეკა და ორივეჯერ პუტინმა უპასუხა. "პუტინმა მითხრა, მედვედევს რას ურეკავ, შენ ჩემთან არ გაქვს საქმეო? ეს მაშინ, როდესაც მედვედევი უკვე პრეზიდენტი იყო", - იხსენებს მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, მედვედევთან პირადი შეხვედრა ასტანაში შედგა: "ასტანის იუბილეზე მედვედევს მივდევდი და ის სულ მემალებოდა".

შეხვედრის შემდეგ, სტუმრები დისკოთეკაზე წაიყვანეს, სადაც, პრეზიდენტის თქმით, მოახერხა მედვედევს დალაპარაკებოდა და მისთვის სოჭში დაგეგმილი შეხვედრა შეეხსენებინა.

"მითხრა, მე ძალიან მომწონხარო, ერთი ასაკის ვართ, ერთი განათლება გვაქვს, ერთი მუსიკა მოგვწონსო, მაგრამ მოსკოვში თამაშის სხვა წესებიაო და მათ მე არ ვაწესებო. ვუთხარი, რომ ყოველდღე პროვოკაციებია და შეხვედრა აუცილებელია, რადგან ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს-მეთქი და მან მიპასუხა, ძალიან ცდებიო. დაინახავ, რომ ძალიან მალე ბევრად, ბევრად, ბევრად უარესი იქნებაო. შემდეგ მიხვდა, რომ ზედმეტი თქვა და სადღაც გაიქცა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, ეს იყო მასსა და მედვედევს შორის ბოლო საუბარი.

 

კომენტარები