2008 წლის აგვისტოს ომი

სააკაშვილი: რუსებს უნდოდათ დაკვირვებოდნენ, უცხოელებს რა რეაქცია ექნებოდათ

2008 წლის აგვისტომდე რუსეთმა რამდენჯერმე მოსინჯა ნიადაგი ომის დაწყებისთვის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში ისაუბრა.

სააკაშვილი იხსენებს, რომ 2007 წელს, მედვედევის დაბადების დღეზე, პუტინმა კონდოლიზა რაისს უთხრა, რომ საქართველოში ომი უნდა დაწყებულიყო.

"2007-ში, მედვედევის დაბადების დღეზე, მიიყვანეს კონდოლიზა, კარგად დალიეს და უცებ პუტინმა დაუწყო მას ლაპარაკი სრულიად გამჭვირვალედ, რომ საქართველოში უნდა იყოს ომი. კონდოლიზა წამოუხტა და ტოვებდა სუფრას. ამას რუსები გვიყვებოდნენ. მაშინ ეს სიგნალი მიიღეს და დაიხიეს უკან", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ომზე შემდეგი ღია მინიშნებაც 2007 წელს იყო, როცა პუტინი დაღესტანში ჩავიდა. "დაიწყო სამთო ბრიგადების კეთება და თქვა - აქედან გზა გადადის საქართველოშიო. კი არ წამოცდა, ეს ტელევიზორში გაუშვეს. გაუშვეს საგანგებოდ, რომ ჩვენ მოგვესმინა, უცხოელებს მოესმინათ და დაკვირვებოდნენ რა რეაქცია ექნებოდათ. არც არაფერი რეაქცია არ ჰქონიათ. კონდილიზას კი ჰქონდა იქ რეაქცია, მაგრამ საჯარო რეაქცია არ ჰქონია", - განაცხადა სააკაშვილმა.

ის იხსენებს, რომ 2008 წლის თებერვალში რუსეთის პრემიერმინისტრს დსთ-ს სამიტზე შეხვდა. "მან დაიწყო საუბარი კოსოვოს შესახებ. გაგვაფრთხილა, ბიჭებო, კოსოვო მზადდებაო. როდესაც მე ვიკითხე, ჩვენ ამასთან რა შუაში ვიყავით, მან გაუპატიურებაში სტაჟიანი მოძალადის ტერმინოლოგიით გვიპასუხა, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული არ იქნება. პუტინმა გვითხრა, ეს დიდი გეოპოლიტიკური თამაშია, თქვენ უბრალოდ მოდუნდით და მიიღეთ სიამოვნება, ჩვენ კი გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი იმასაც იხსენებს, რომ პუტინი ჩრდილოეთ კვიპროსის მსგავსი სცენარით დაემუქრა. "ჩრდილოეთ კვიპროსი ნიშნავს, რომ ვითომ შენ იწყებ ომს, შემდეგ ის გპასუხობს, შენს ტერიტორიებს იპყრობს და აღიარებს მათ დამოუკიდებლობას“, - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები