საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

ზურაბ აბაშიძე: რუსეთის ტონი პოზიტიურისკენაა შეცვლილი

Zurab Abashidze
Tabula

ის, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, მიუხედავად აზრთა სხვაობისა კარდინალურ თემებთან დაკავშირებით, უკვე განსხვავებული მიდგომაა. ამის შესახებ, საქართველო-რუსეთის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ, დიმიტრი მედვედევის მიერ რუსთავი 2-ისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას, ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა.

"თვითონ ის ფაქტი, რომ რუსეთის პრემიერმინისტრი ერთი კვირის მანძილზე ორ ვრცელ ინტერვიუს აძლევს საქართველოსთან დაკავშირებით, ეს თავისთავად რაღაცაზე მიუთითებს აშკარად. ჩემი აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო-რუსეთის დიალოგის დაწყებას რუსეთი, საერთო ჯამში, პოზიტიურად აფასებს და ისიც ხედავს პერსპექტივას და სარგებელს ამ დიალოგისაგან. რუსეთის ტონი შეცვლილია პოზიტიურისკენ. მედვედევის შეფასებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით იგივეა და ალბათ, ვერც შეიცვლებოდა, თუმცა ჩვენ ამ შეფასებებში ვერ შევთანხმდებით. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ გამოსავალი უნდა ვეძიოთ ამ მდგომარეობიდან და მომავლისკენ უნდა ვიყუროთ, ის, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, მიუხედავად აზრთა სხვაობისა კარდინალურ თემებთან დაკავშირებით, ეს უკვე განსხვავებული მიდგომაა, რადგან 2008 წლის შემდეგ ურთიერთობა შეწყდა და საერთოდ არ ვსაუბრობდით", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძე ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის შესახებ მედვედევის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეხო და აღნიშნა, რომ დღის წესრიგში საკითხი ვიზების გამარტივების შესახებ საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის დგას, მაგრამ ვიზების გაუქმებაზე საუბარი არ არის.

"როგორც რუსეთის მხარე გვარწმუნებს, ამ ეტაპზე დღის წესრიგში დგას საკითხი ვიზების გამარტივების შესახებ საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის და რაღაც პროგრესს ველით ამ მიმართულებით ახლო მომავალში, მაგრამ ვიზების გაუქმებაზე საუბარი არ არის, იმიტომ, რომ რუსეთის მხარე, როგორც გუშინ მოვისმინეთ, ამას მეტ-ნაკლებად უკავშირებს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, რაც ამ ეტაპზე გასაგები მიზეზების გამო ვერ მოხდება... ეს ჩვენი მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების ტოლფასი იქნებოდა. ეს იციან ჩვენმა რუსმა კოლეგებმა, მაგრამ თუ ჩვენს დიალოგს რუსეთთან რაღაც სერიოზული შედეგები მოჰყვება და მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული, რაღაც ეტაპზე დადგება ალბათ საკითხი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ, მაგრამ ჯერ ამაზე ნაადრევია საუბარი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები