რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ვაშაძე: მედვედევის ინტერვიუს მოსმენა ღირს, რომ იცოდე რა რეჟიმთან გაქვს საქმე

Georgia's Foreign Minister Vashadze speaks during a news conference in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ტელეკომპანია მაესტროსთან სატელეფონო საუბარში რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრის დმიტრი მედვედევის Russia Today-ისთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ამ ინტერვიუს მოსმენა ღირს, იმისათვის რომ იცოდე რა რეჟიმთან გაქვს საქმე".

"აბსოლუტური სიცრუე არის რუსეთის დღევანდელი პრემიერის და 2008 წლის პრეზიდენტის მტკიცება, ჯერ ერთი, იმისი, თითქოს საქართველომ დაიწყო ომი და, მეორეც ერთი, ამის მიზანი ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის ჩამოგდება იყო. პირველ აგვისტოს ომი უკვე დაწყებული იყო. არტილერია, რომელიც სეპარატისტებს ჰქონდათ დაყენებული ცხინვალის ცენტრში, უკვე ბომბავდა ქართულ სოფლებს და ქალაქებს. უკვე დაღუპულები იყვნენ ჩვენი სამშვიდობოები და უკვე მოწყობილი იყო ჩვენი სამშვიდოების წინააღმდეგ ტერორისტული აქტები", - განაცხადა  ვაშაძემ.

საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი "უსირცხვილო ტყუილს" უწოდებს მედვედევის იმ მტკიცებასაც, თითქოს ის სანკტ-პეტერბურგის შეხვედრის შემდეგ ინტერესდებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტზე გამოსვლით.  

"ყველა მცდელობა პრეზიდენტ სააკაშვილისა, დაკავშირებოდა მედვედევს სანკტ-პეტერბურგის შეხვედრის შემდეგ ომამდე, არაფრით არ დამთავრდა. ერთი-ორჯერ გადართეს პუტინზე და დანარჩენ დროს, საერთოდ უარი უთხრეს დაკავშირებაზე. ერთადერთი შეხვედრა, რომელიც შედგა, და იმასაც შეხვედრა არ შეიძლება დაერქვას, 3 წუთი გაგრძელდა. ეს იყო ასტანაში დსთ-ს მეთაურების შეხვედრა, რომლის დროსაც ყველანაირად აარიდა თავი მედვედევმა საუბარს შინაარსობრივ საკითხებზე და ბოლოს გამოუცხადა პრეზიდენტს, რომ ეს საკითხები მე არ მეხება და ამ საკითხებზე მე არავითარი მოლაპარაკებების წარმოება არ შემიძლიაო", - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Russia Today-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა რუსეთ-საქართველოს შორის ომის პროვოცირებასა და ურთიერთობის გაწყვეტაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ოპტიმისტურად უყურებს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას. "საკმარისია გავიხსენოთ რა თქვა პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა, მან ყველაფერი სიმართლე თქვა: "ეს თქვენ (სააკაშვილი) მოახდინეთ ყველაფრის პროვოცირება და კონფლიქტი გააღვივეთ", - განაცხადა მედვედევმა აგვისტოს ომის თემაზე საუბრისას. მან ბიძინა ივანიშვილის ამ გაცხადებას "რთული, მაგრამ ვაჟკაცური საქციელი" უწოდა.  

კომენტარები