ქუთაისის აეროპორტი

გიორგი კანდელაკი: სიგუა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს

www.radiotavisupleba.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი სიგუას განცხადებებს ქუთაისის აეროპორტთან დაკვშირებით "საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად" აფასებს - ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა ბრიფინგი გამართა.

"სიგუას მტკიცებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა, თითქოსდა, განაცხადეს რომ ქუთაისის აეროპორტი არ ფუნქციონირებს. ეს მტკნარი სიცრუეა - ჩვენი კრიტიკა ეხებოდა ქუთაისის აეროპორტის გეგმასთან შედარებით მხოლოდ მიზერული მასშტაბით ამოქმედებას. სასიხარულოა, რომ მთავრობა ტრაბახობს ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა ნაკადის ზრდის სტატისტიკით მაშინ როცა ხშირად თავად აკრიტიკებდა ქუთაისის აეროპორტს და ზოგადად საქართველოში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას. ეკონომიკის რეცესიის, ბიუჯეტში ასეულ მილიონობით ლარის გარღვევისა და ათეულ ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენის ფონზე, ტურიზმი და ტურიზმიდან შემოსავალი ის არტერიაა რომელიც ჩვენს ეკონომიკას ჯერ კიდევ აცოცხლებს", - აცხადებს კანდელაკი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით,  ქუთაისის აეროპორტის ამჟამინდელი ფრენები "ინერციითაა დაგმოყოლილი" და იგი "მიზერული ნაწილია ქუთაისის აეროპორტის და ტურიზმის განვითარების იმ გეგმისა, რომლის განხორციელებაზეც მთავრობა უარს აცხადებს".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტის პროექტის კონცეფცია მიზნად ისახავდა მგზავრების რაოდენობით მსოფლიოში პირველი საბიუჯეტო ავიაკომპანია რაინეარის მოზიდავს.

"ამ გეგმის განხორციელება ნიშნავს არა მხოლოდ სრულიად სხვა - სპეციფიურად ევროპელი საშუალო კლასის ტურისტების - დღეისათვის არარსებული ნაკადის გაჩენას, ყველა გამომდინარე შედეგით, არამედ მრავალი ასეული მილიონი ევროს პირდაპირ შემოდინებას საქართველოს ეკონომიკაში და ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა და აქვე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ხელისუფლება "კვლავაც ქილიკით უყურებს" ამ პროეტს და "არ აწარმოებს რაინეართან, თითქმის ბოლომდე მიყვანილ მოლაპარაკებებს".

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 აგვისტოს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ შემდეგი განცხადება გააკეთა:

"რაც შეეხება მიხეილ მიუნჰაუზენისა და მისი დამქაშების განცხადებას, რომ თითქოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ვერ მუშაობს და მას საქართველოს მთავრობა ვერ უვლის, გეტყვით, რომ 10 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ფუნქციონირება დაიწყო და რომელიც "მიხეილ მიუნჰაუზენმა" დაუმთავრებელი გახსნა, ამ დაუმთავრებელ პირობებში მოხერხდა ის, რომ რეისების რაოდენობა 10 თვის განმავლობაში 71%-ით გაიზარდა. დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 22 საერთაშორისო რეისი სრულდება, რომელსაც 5 ავიაკომპანია ახორციელებს. ეს მიმართულებებია: კიევი, დონეცკი, ხარკოვი, კატოვიცა, ვარშავა, მოსკოვი, მინსკი და ისრაელი, ხოლო რეისებს ახორციელებენ ავიაკომპანიები: "აირზენა", "ვიზეარი", "ურალი", "ბელავია" და "სიბირი". პირველი ოქტომბრიდან რეისების რაოდენობა გაიზრდება და ასევე პერმანენტულად მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, რათა მათ შეასრულონ ავიარეისები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და მას შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია. დასაქმებულთა რაოდენობა ქუთაისის აეროპორტში გაიზარდა 50%-ით", - განაცხადა სიგუამ.

კომენტარები