მედია

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის რუსთავი 2-ის წილების დაყადაღებას მოითხოვს

რუსთავი 2

გუშინ, 2 აგვისტოს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს შეხვდნენ და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაჭიანურების მიზეზებზე ესაუბრნენ.

"ბოლო დღეებში გავრცელებული არაოფიციალური ცნობების თანახმად, დაწყებულია მოლაპარაკებები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილების შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით. კოალიციის წევრი ორგანიზაციების პოზიციაა, რომ რუსთავი 2-ს საქმის გამოძიება არ შეჩერდეს და წარიმართოს სწრაფად და გამჭვირვალედ", - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ წერილში.

არჩილ კბილაშვილი კოალიციის წარმომადგენლებს დაპირდა, რომ პირადად მიაქცევს ყურადღებას რუსთავი 2-თან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამჭვირვალედ და დროულად გამოძიებას. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, რომლებიც ტელეკომპანიის მფლობელობაზე დავობენ, განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ისინი ტელეკომპანიის შესაძლო გასხვისების საკითხს შეეხნენ და ამის თავიდან ასაცილებლად კომპანიის წილების დაყადაღება მოითხოვეს.

30 ივლისს კი კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წარმომადგენელი ნინო ზურიაშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია უერთდება აქიმიძისა და დვალის მოთხოვნას, ტელეკომპანიის წილების დაყადაღებასთან დაკავშირებით.

"არ გვინდა ეს ტელევიზია ისევ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. სამართლიანობის გარკვევის მერე ვისაც უნდა, იმან იყიდოს", - აღნიშნა ზურიაშვილმა Media.Ge-სთან საუბრისას.

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გავრცელებულ ინფორმაციას ტელეკომპანიის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით ჭორი უწოდა და ის ჯგუფები დაადანაშაულა დეზინფორმაციის გავრცელებაში, "ვის ინტერესებშიც შედის, ახალი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სარეკლამო ბაზრის გადანაწილების აქტიურად გაჩაღებულ პროცესში, დააზიანოს" რუსთავი 2-ის იმიჯი.   

კომენტარები