საქართველოს თავდაცვა

საქართველო მეზობლებთან სამხედრო-სამრეწველო სამმხრივ კავშირს ესწრაფვის

facebook.com/alasaniairakli

სამხედრო გაძლიერების თვალსაზრისით საქართველოს ოთხ მთავარ პარტნიორად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამოცემა Eurasianet-ის ჟურნალისტ ჯოშუა კუჩერასთან ინტერვიუში თურქეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთსა და ისრაელს ასახელებს. ”დროა, სამმხრივი ურთიერთობები გვქონდეს თავდაცვის ინდუსტრიის დონეზე აზერბაიჯანთან და თურქეთთან” - თქვა მან. თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ცდილობენ გაიზიარონ აზერბაიჯანის ბოლო პერიოდის გამოცდილება ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების მცდელობების მიმართულებით. ”ეს ჩვენთვის საინტერესოა. ამ ეტაპზე მხოლოდ ინფორმაციას ვცვლით, მაგრამ, ვფიქრობ, თანდათან ვიპოვით საინტერესო მიმართულებებს, რომელზეც ერთობლივად ვიმუშავებთ” - თქვა მან.

”საქართველოსთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც საფრთხეებს ერთნაირი ხასიათი აქვს, პრიორიტეტებიც მსგავსია – ჩვენ უნდა დავიცვათ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, უნდა დავიცვათ მიმდინარე სტრატეგიული პროექტების უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კარგი იქნება. ეს იქნება სოლიდური კონტრიბუცია რეგიონული პროექტების უსაფრთხოებაში”- თქვა ირაკლი ალასანიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები იარაღის მწარმოებლებთან ესტონეთსა და თურქეთში, რათა შეიქმნას ერთობლივი საწარმოები საქართველოში თავდაცვის სახელმწიფო საწარმო დელტასთან თანამშრომლობით. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვს ესტონელ პარტნიორებთან და მომავალში აპირებენ გააფართოვონ ურთიერთობები ისრაელთან. კითხვაზე, რატომ აღარ ბლოკავს ისრაელთან საქართველოს უფრო მჭიდრო ურთიერთობებს რუსეთი ახლა, ალასანიამ თქვა, რომ არ იცის, რა კომუნიკაციაა ისრაელსა და რუსეთს შორის.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ალასანიამ თქვა, რომ მათგან უმეტესად წვრთნებს და სამხედრო განათლების მიმართულებით დახმარებას ელიან. ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს დისკუსიები გარკვეული სამხედრო დახმარების შესახებ აშშ-ის მხრიდან და ის აპირებს ვაშინგტონში თავდაცვის მდივან ჩაკ ჰეიგელთან შეხვედრას. ”კონკრეტული აღჭურვილობის თვალსაზრისით, პრეზიდენტები (ობამა და სააკაშვილი) შეთანხმდნენ... გაფართხოებული სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება ... ტრანსპორტირების საშუალებები ჯარისკაცებისთვის, ვერტმფრენები. ეს ყველაფერი წინ მიდის”. კითხვაზე რა ტიპის და რაოდენობის ვერტმფრენებზეა საუბარი, ალასანიამ თქვა, რომ ჯერ ამაზე მუშაობენ. ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ უფრო მეტი სიცხადე იქნება ჩაკ ჰეიგელთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები