ახალაიას საქმე

კბილაშვილი: არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ბრალდება სუსტი იყო ახალაიას საქმეში

Archil Kbilashvili
Tabula

"მე ვიცნობ წარდგენილ ბრალდებას, ვიცნობ მტკიცებულებებს, რომლებიც წარდგენილი იყო, ვიცი პროკურორები, რომლებიც საქმეში მონაწილეობდნენ და არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ბრალდების მხარე სუსტად გამოვიდა და ამან განაპირობა ეს შედეგი", - განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ახალაიას საქმეში მისი უწყების მიმართ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ.

"ჩვენი და პირადად ჩემი პოზიცია არის ის, რომ იმ ეპიზოდში, რომელშიც ახალაია გამართლებულ იქნა, დამნაშავედ უნდა ყოფილიყო ცნობილი, თუმცა სანამ სასამართლოს დასაბუთებული განაჩენი არ გვექნება, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ამ განაჩენის კანონიერებაზე ვიმსჯელოთ", - განმარტა კბილაშვილმა ინტერპრესნიუსთან საუბარში.

მთავარი პროკურორის კომენტარის პარალელურად, მისი უწყების ვებგვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პროკურატურა ბაჩანა ახალაიას განაჩენს გაასაჩივრებს.

"საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ ბაჩანა ახალაიასთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია სასამართლო გამოძიების დროს გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით. შესაბამისად, სასამართლოს განაჩენის მიღების, შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების შესახებ, რაზედაც საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები