ეკონომიკური ზრდა

სააკაშვილი: ეკონომიკის შემცირება მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგია

საქართველოს არ აქვს უფლება, რომ ეკონომიკა მცირდებოდეს, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მოქალაქეების ყოველდღიური კეთილდღეობა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა გადავიდა რეცესიაში. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ეკონომიკის შემცირება არაკომპეტენტურობის, მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების პირდაპირი შედეგია.

"პრობლემები ექმნება ეკონომიკურ ზრდას. ეს მარტო ციფრები არ არის. ამას ხალხი გრძნობს ყოველდღიურად, ბიზნესი მცირდება, ჩერდება. საცალო ვაჭრობაში სერიოზული პრობლემებია. პრობლემები აქვს ბიუჯეტს. ბიუჯეტში დაიწყო დიდი გარღვევა, რაც ნიშნავს, რომ უკვე მომავალ წელს ჩვენ გვექნება პენსიების და ხელფასების დარიგების პრობლემა, ის, რაც შევარდნაძის შემდეგ, ჩვენს ეკონომიკას და ჩვენს ქვეყანას აღარ ახსოვს. იმის გამო, რომ პრობლემებია ასევე ენერგეტიკაში, უკვე წელს შეიძლება გარკვეული პრობლემები შეიქმნას დენის იმპორტის თვალსაზრისით. ამდენად, სიტუაცია არის მართლაც საგანგაშო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მთავრობასთან იმუშაოს. ის პრემიერმინისტრს მოუწოდებს, თავისი ფული პირდაპირ ჩადოს ეკონომიკაში, არ შეწყვიტოს ტურიზმის სექტორის რეკლამირება საერთაშორისო არხებზე, რადგან თუ ეკონომიკა აქამდე არ ჩამოიშალა, სწორედ ამ სექტორის და ძველი მთავრობის მიერ დატოვებული რამდენიმე მილიარდის დამსახურებაა, განაახლოს შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები - მაგალითად, თბილისის შემოვლითი რკინიგზის და პორტის მშენებლობა, რომლებიც, პრეზიდენტის შეფასებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. პრეზიდენტის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გადაიხედოს რევანშიზმის პოლიტიკა. მისი თქმით, რევანშიზმი გამოიხატება იმაში, რომ ძველი მთავრობის მიერ დაწყებული ყველა პროექტი გაჩერდა, ახალი პროექტები კი აღარ იწყება, ხოლო ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიებია.

"რევანშიზმის პირობებში საქართველოში არავინ არ ჩადებს ფულს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია ყველამ სერიოზულად მიიღოს ეს საფრთხე. "თუ ეკონომიკა არ ამუშავდა, ამას ექნება გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები საქართველოსთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები