საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: სტალინის ძეგლის აღდგენა ანტისახელმწიფოებრივი აქტია

facebook.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში სტალინის ძეგლის აღდგენის გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა და პრემიერმინისტრს მისი გადახედვა მოსთხოვა.

როგორც პრეზიდენტმა პოლონეთის სეიმის წევრთან, ყოფილ პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი აღშფოთებულია კულტურის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებით.

"კარგად უნდა გვახსოვდეს, რა იყო სტალინი საქართველოსთვის. როცა ვლადიმერ ლენინიც კი წინააღმდეგი იყო საქართველოს დაპყრობის, იოსებ სტალინის დაჟინებული გადაწყვეტილებით მე-11 არმია შემოვიდა საქართველოში და წერტილი დაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობას. სტალინმა ჩამოაჭრა საქართველოს მიწები და გადასცა სხვა საბჭოთა რესპუბლიკებს. ხელოვნურად შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიები - ნაღმები, რომლებიც აგვიფეთქდა დამოუკიდებლობის მიღებასთან ერთად. სტალინის ბრძანებით კატინში პოლონელ ოფიცრებთან ერთად დახვრიტეს ქართველი ოფიცრები, რომლებიც იბრძოდნენ ჯერ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, შემდეგ კომუნიზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ პოლონეთში. სტალინის ბრძანებით განადგურდა საქართველოს ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

პრეზიდენტის თქმით, "სტალინმა ჩაიდინა წარმოუდგენელი დანაშაულებანი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 21-ე საუკუნეში სტალინის ძეგლის აღდგენა არის წარმოუდგენლად ბარბაროსული და ანტიქართული აქტი, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ეს მოაქცევს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში, იმიტომ რომ შეუძლებელია, მთელი დემოკრატიული სამყაროს, რომლის დასაცავები ვართ, დასაცინები არ გავხდეთ".

"გორში, რომელიც იბომბებოდა რუსების მიერ, ამ ძეგლის აღდგენა არის სულში ჩაფურთხება დაღუპული ქართველებისათვის, სახლებიდან გამოყრილი ადამიანებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა პრემიერმინისტრს, გადახედოს "ამ ბრიყვულ გადაწყვეტილებას", რადგან "ეს არ არის ის, რაც წაადგება ქართულ საქმეს".

პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა საქართველოსა და პოლონეთის ახლო ურთიერთობას, განსაკუთრებით - პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დამსახურებას საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენაში 2008 წელს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იაროსლავ კაჩინსკის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. მან პოლონელ პოლიტიკოსს მადლობა გადაუხადა ციხეში ვანო მერაბიშვილის მონახულებისთვის, "რომელიც სრულიად უსამართლოდ და მხოლოდ წმინდა პოლიტიკური მიზეზებით არის დაპატიმრებული და ამას ყველა აღიარებს, ვისაც ოდნავ ობიექტურობის განცდა აქვს". 

პრეზიდენტმა იაროსლავ კაჩინსკი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. 

 

კომენტარები