საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამუშაო ვიზიტით სინგაპურში იმყოფება, მოქალაქეებს მოუწოდებს დაფიქრდნენ, როგორ შეჩერდეს ქვეყანის ეკონომიკური ვარდნა.
სპეციალური მიმართვა პრეზიდენტის Facebook-ის გვერდით გავრცელდა.
"პირველ ოქტომბერს ხალხმა უარი თქვა არა ციხეში ძალადობაზე, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, პირველი ოქტომბრის შემდეგ, ის, რაც ჩვენც ვერ აღმოვფხვერით ბოლომდე, განუკითხაობა და ძალადობა, დიდი მასშტაბებით გრძელდება და ზოგჯერ უფრო დიდი მასშტაბებითაც საქართველოს საპატიმროებში. მე არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ უარი ციხეებში ძალადობაზე კი არ ვთქვით, არამედ უარი ვთქვით განვითარებაზე, წინსვლაზე, პროგრესზე და საქართველო წავიდეს უკან და პოსტსაბჭოთა ჭაობში ჩაეფლოს. უნდა ვიფიქროთ როგორ გამოსწორდეს მდგომარეობა, შეჩერდეს ეკონომიკური ვარდნა, გაძლიერდეს ეკონომიკური ზრდა და გაგრძელდეს საქართველოს განვითარება", - აცხადებს სააკაშვილი.
პრეზიდენტის თქმით, თუ გაგრძელდება განვითარების პროცესი, შესაძლებელია, 20-30 წელიწადში საქართველო სინგაპურის დონეზე განვითარდეს.
"როდესაც ვსაუბრობთ სინგაპურზე, სულ მახსენდება, რომ ეს ქვეყანა, როდესაც იწყებდა განვითარებას, იყო ყველაზე ღარიბი. უბრალოდ დაიჯერა ხალხმა, რომ შრომით, ოფლის ღვრით, დისციპლინით შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება და მიღწევა. მათ შექმნეს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ნავთობისა და გაზის გარეშე. მიმაჩნია, რომ საქართველო ბოლო წლებში მიდიოდა ამ მიმართულებით. ამათ დაჭირდათ 40 წელი, ჩვენ რასაც მივაღწიეთ რვა წელიწადში ემბარგოს პირობებში, გვქონდა უამრავი შიდა, გარე არეულობა და ამის მიუხედავად, ყოველ წელიწადს ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდებოდა. მივიღეთ პოზიტიური საემიგრაციო ბალანსი. უფრო მეტი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე მიდიოდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ავაშენეთ ახალი ქალაქები. კიდევ რომ ეს გაგრძელდეს 20-30 წელიწადი, ასეთი უწყვეტი განვითარება, ნამდვილად არ ვიქნებით ამ ქალაქზე ნაკლები", - განაცხადა სააკაშვილმა.