ცრუ შეტყობინება

შსს-მ პარლამენტის აფეთქების თაობაზე ცრუ შეტყობინებისათვის ერთი პირი დააკავა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც დღეს, 26 ივლისს, გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ს აცნობა, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობა აფეთქდებოდა.

უწყების ცნობით, ცრუ შეტყობინების ბრალდებით დაკავებულია ქუთაისში მცხოვრები ომარ ფ.

„სამართალდამცველები შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ ადგილზე. მათ შენობიდან დეპუტატებისა და იქ მომუშავე პერსონალის ევაკუაცია მოახდინეს. ამკრძალავი ლენტით შემოისაზღვრა პერიმეტრი. ადგილზე, შესაბამისი წესების დაცვით, შსს-ს გამნაღმველთა სამსახურმა და კინოლოგებმა იმუშავეს. დაახლოებით ერთსაათიანი მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო. პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობა არ დადასტურდა." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დღეს, ცრუ შეტყობინბის მიღების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შენობაში მყოფებს მისი დატოვება სთხოვა. მომხდარის გამო რიგგარეშე სხდომა ხვალისთვის გადაიდო.

გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები