ეკონომიკის სამინისტრო

კვირიკაშვილი: ხელის ერთი მოსმით აღსრულების შეჩერება მიუღებელია

government.gov.ge

სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროსთვის მიუღებელია - აღნიშნული კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დღეს ვიცეპრემიერის თანამდებობაზეც წარადგინა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები პარლამენტში გააგზავნა , თუმცა მათი გათვალიწინება საკითხის პირველი მოსმენით განხილვისას არ მოხდა.  

"ეს ძალიან საფრთხილო საკითხია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხებში მეტი სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ ვეთანხმებით, რომ ასე ხელის ერთი მოსმით აღსრულების შეჩერება მიუღებელია ეკონომიკისთვის. ასევე, ვფიქრობ, რომ არსებული ვარიანტი, რომელიც პირველი მოსმენით გავიდა, ჩვენთვის მიუღებელია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ორ კანონში - სააღსრულებო წარმოებათა შესახებ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსში - შესატან ცვლილებებზე, რომელიც კრედიტორების სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაზე 2014 წლის 1 თებერვლამდე მორატორიუმის გამოცხადებას ითვალისწინებს. 24 ივლისს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს და მოუწოდა, არ დაუშვას იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაზე მორატორიუმის გამოცხადება, ვინაიდან ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკასა და საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე.

კომენტარები