გაურკვევლობა იმაზე მეტი რჩება დღევანდელ საქართველოს პოლიტიკაში, ვიდრე მე წარმომედგინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ეკონომიკური დარგის ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ამ მხრივ, მე თვალი ამიხილეს, თუმცაღა დამატებითი გასაღები ვერ გამოვნახეთ. ჩვენ უნდა დაველოდოთ ოქტომბრის არჩევნებს და ვისურვოთ, რომ გარემო პოლიტიკურად იყოს უფრო მეტად სტაბილური და დაბალანსებული",- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ექსპერტებთან შეხვედრის თემა ქვეყნის ეკონომიკური სამოქმედო გეგმა და სტრატეგია იყო.
"ნახევრად ხუმრობით, მაგრამ აბსოლუტურად სერიოზულობით განვაცხადე, რომ ძირითადი ინტერესი მომავალში ჩემი, იქნებიან ზუსტად ეკონომიკური ექსპერტები. რამეთუ პოლიტიკაში რა გამოცდილებაც მქონდა, გავიგე, მაგრამ უფრო საინტერესო ეკონომიკური სფეროა. მაგრამ პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე ეკონომიკა ვერ იქნება. ქვეყანაში არის ინვესტიციების და ბიზნესის მოლოდინის პროცესი, რომ ამ მხრივ საშიში აღარ არის საქართველო. ამ მხრივ კი პოლიტიკური სტაბილურობის მოლოდინს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ეკონომიკური სტრატეგიის გეგმა დამუშავების პროცესშია და, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის მზად იქნება.
"აქაც მე საყვედური მივიღე, რომ გაგვიჭიანურდა, მაგრამ რა თქმა უნდა ობიექტური მიზეზები არსებობს. მთელი ეკონომიკური ჯგუფი გადაგებულია ძალიან ბევრ ეკონომიკურ საკითხებზე. ეს სტრატეგია ცოტა გაგვიჭიანურდა, მაგრამ სექტემბრისთვის მე მგონი ეს დოკუმენტი გვექნება, რომელიც სასარგებლოდ გამოგვადგება და არა ფორმალური დოკუმენტი იქნება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრი
ივანიშვილი: თვალი ამიხილეს, თუმცაღა დამატებითი გასაღები ვერ გამოვნახეთ

ბიძინა ივანიშვილი
Reuters




