ოკუპირებული ტერიტორიები

ჯიღაური: ოკუპირებულ ცხინვალზე მავთულხლართების სიგრძე დაახლოებით 30 კილომეტრია

radiotavisupleba.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა გიორგი ჯიღაურმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა. 

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ცხინვალზე მავთულხლართების საერთო სიგრძე დაახლოებით 30 კილომეტრია.

"შსს ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გაბმის პროცესის გამო. მავთულხლართების ფიქსაცია არის პროცესი, რომელიც ძირს უთხრის უსაფრთხოებას ადგილზე, ზღუდავს სასმელი და სარწყავი წყლის, საძოვრებით სარგებლობის საშუალებას, ნათესავებისა და სასაფლაოების მონახულების საშუალებას. ის აიძულებს მოსახლეობას დატოვონ თავიანთი საცხოვრებლები და გახდნენ იძულებით გადაადგილებული პირები. მავთულხლართების საერთო სიგრძე, დღევანდელი მდგომარეობით, ოუპირებულ ცხინვალზე დაახლოებით 30 კილომეტრია, ოკუპაციის საერთო ხაზი კი 350 კმ-მდე. აღნიშნული პროცესი 2011 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, ხოლო გააქტიურება 2013 წლის დასაწყისიდან შეინიშნება. მავთულხლართების ინსტალაციამ 20-მდე ადგილობრივ მოსახლეობაზე გავლენა უკვე იქონია", - განაცხადა გიორგი ჯიღაურმა.

მისივე თქმით, გორისა და კასპის რაიონების სოფლების ნაწილი მავთულხლართების გაბმის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

"გორის რაიონის სოფელ ნიქოზში 2-3 კილომეტრს აღწევს გავლებული მავთულხლართი, რომლის დიდი ნაწილიც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოდის. ამის გამო მიწები უკვე მოექცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. იგივე პრობლემის წინაშე დგას სოფელ გუგუთიანთკარის ადგილობრივი მოსახლეობა. ძალიან მძიმე მდგომარეობაა დიდ ხურვალეთში - ის მთლიანად თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია იყო, თუმცა მავთულხლართების ფიქსაციის გამო სამი სახლი მოექცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დვანშიც მავთულხლართების გარკვეული ნაწილი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, რის გამოც სარწყავი სისტემები და მიწების ნაწილი უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. რაც შეეხება დიცს - აღნიშნული ტერიტორია თითქმის მთლიანად იქნა შეღობილი. მავთულხლართების ნაცვლად ამ სოფელში ღობე აქვს შემოვლებული. ღობეების საერთო სიგრძე 3 ათას მეტრს აღწევს. კასპის რაიონის გარკვეულ სოფლებშიც დაწყებულია ფიქსაციის პროცესი, რომლის საერთო სიგრძე ამ დროისთვის ნახევარი კილომეტრია", - აღნიშნა ჯიღაურმა.

გიორგი ჯიღაურის განმარტებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მავთულხლართების ნაცვლად ტერიტორიის შეღობვა მიწათხრილებით მიმდინარეობს და მიწათხრილების სიღრმე 170-180 სმ, სიგანე კი 3-5 მეტრია.

"ოკუპაციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწათხრილები შემდეგ სოფლებს შორის ფიქსირდება: ოტობაია-განმუხური-ორსანტიას მონაკვეთი, ნაბაკევი-ხურჩას მონაკვეთი, თაგილონი-შამგონას მონაკვეთი და თაგილონი-ჭუბურხინჯის მონაკვეთი. დღევანდელი მონაცემებით, მიწათხრილების საერთო სიგრძე 3 კილომეტრია, ოკუპაციის საერთო სიგრძე კი 85 კილომეტრამდე", - განაცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა,

გიორგი ჯიღაურის თქმით, საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის ფორმატში მუდმივად დგას.

"რა თქმა უნდა, ჩვენმა მხარემ მკაცრად გააკრიტიკა აღნიშნული პროცესი და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ შეჩერება. ასევე, აღნიშნული საკითხი განხილულია ჟენევის დისკუსიების 23-24 რაუნდებზე. გარდა ამისა, ივნისში ჩვენ მოვიწვიეთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებსაც არსებული მდგომარეობა გავაცანით", - აღნიშნა ჯიღაურმა. 

კომენტარები