წელს საქართველო არ დაესწრება ფესტივალ Comptoir Suisse 2013-ს, რომლის გამართვაც 13-დან 22 სექტემბრამდე ლოზანაში იგეგმება. სოფლის მეურნეობის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი ბოლო მომენტში, 10 ივნისს, წერილობით უარი განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე.
"ამ ჩამოსვლას უკვე წელიწად-ნახევარია რაც ვამზადებთ. მრავალი დელეგაცია იყო ჩამოსული ლოზანაში ადგილის გასამზადებლად, შარშან საქართველოს უკვე ჰქონდა პატარა სტენდი, რომ სიტუაციას გასცნობოდა", - განაცხადა Comptoir Suisse- ის დირექტორმა, ქრისტოგ ლევრაზმა.
სამინისტრო საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზებს არ აქვეყნებს, თუმცა წერილში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი "ახალი გარემოებებია".
ტაბულა კომენტარისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართა, თუმცა პასუხი ვერც იქ გაგვცეს.





