მკვლელობა

სააკაშვილი: ამ ბოლო ხანს კრიმინალები გათამამდნენ

www.chveniambebi.info

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში 16 წლის გოგონას მკვლელობას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ეს კონკრეტული ტრაგედია სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ, ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს ზოგადად უსაფრთხოების მხრივ საერთო ფონის გაუარესებას:

"შეძრწუნებული ვარ 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობით. სიცოცხლით სავსე ფრიადოსან გოგოს სასტიკად მოუსწრაფეს სიცოცხლე. საღამოს ველოსიპედით გასული და შინ არდაბრუნებული, ბათუმის ახალ ბულვარზე იპოვეს. ქალიშვილი რომ მყოლოდა, ალბათ, ისეთივე იქნებოდა, როგორიც მარიამი. მე, როგორც მამას, არ მსურს, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს ადგილად, სადაც შვილების გარეთ გაშვების შეგვეშინდება.

ეს კონკრეტული ტრაგედია სასწრაფოდ გამოსაძიებელია, მაგრამ მინდა პოლიციამ ყურადღება მიაქციოს იმას, რაზეც ბევრი ბათუმელი და ქუთაისელი მესაუბრა - ამ ბოლო ხანს ამ ქალაქებში ისევ დაიწყო ხმაურიანი ქუჩის გარჩევები და ბევრად გათამამდნენ კრიმინალები. ეს, რა თქმა უნდა, აუარესებს უსაფრთხოების საერთო სიტუაციას.

ამას ისიც მალაპარაკებს, რომ ამა წინათ თბილისში, საბურთალოზე, ჩემს გვერდზე სადარბაზოში მცხოვრები უწესიერესი 21 წლის ახალგაზრდა ვიღაც ნაძირალამ გამოასალმა სიცოცხლეს. სასწრაფოდ ზომებია მისაღები, რათა ჩვენს შვილებს საფრთხე მომავალში მაინც აღარ დაემუქროს", - წერს პრეზიდენტი.

ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 წლის გოგონას ცხედარი გვიან ღამით აღმოაჩინეს.

კომენტარები