შსს

შსს: რევაზ კარალიძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

შსს

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რევაზ კარალიძის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, კარალიძეს დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ კარალიძე და ქრთამის აღებაში დამხმარე პირი. ამჟამად ორივე მათგანი დაკავებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ კარალიძემ, რომელიც ამავდროულად იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მის თანამზრახველთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ე.წ. ეკოპლაჟის ფიჭვნარის ტერიტორიაზე მდებარე 6 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მასივის გასხვისებისა და შეღავათიანი საინვესტიციო პირობის დაწესებაში თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა 120 ათასი ლარი. მოლაპარაკების პროცესში კარალიძემ და მისმა თანამზრახველმა მიწის შესყიდვით დაინტერესებულ პირს ავანსის სახით წინასწარ გამოართვეს 30 ათასი ლარი, რა დროსაც ორივე მათგანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ე ქვეპუნქტით მიმდინარეობს. რევაზ კარალიძე 20 ივლისს დააკავეს.

კომენტარები