საპროტესტო აქცია

ზესტაფონში მრევლმა მთავარეპისკოპოსს კარი აუჭედა

wikipedia.org

ზესტაფონში ადგილობრივი ეპარქიის მრევლი მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მიტროპოლიტსს, ვახტანგ ახვლედიანს დაუპირისპირდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მისი რეზიდენციის კარი აჭედეს. მათი თქმით, მღვდელმთავარი „ბევრ ცუდ საქმეშია შემჩნეული", მათ შორის, მრუშობასა და ეპარქიის ქონების არამიზნობრივ ხარჯვაში. აქციის მონაწილეები საპატრიარქოს სთხოვენ, იერარქი ეპარქიიდან გაიწვიოს. ეპარქიას მეუფე ვახტანგი უკვე ცხრა წელია მართავს.

„მეუფე ვახტანგს კარები ავუჭედეთ შემდეგი ბრალდებით, რომ ის მხილებულია მრუშობაში, ეკლესიის ქონების მითვისებაში, საუბარია დაახლოებით მილიონ ლარზე, ასევე მხილებულია ოთხი სასულიერო პირი, რომლებიც ზესტაფონში განაგრძობენ მრევლის დაზომბება-დაშინებას, ისინი მხილებულნი არიან აღსარების გათქმაში. ეპისკოპოსი ამ ადამიანებს მფარველობს" - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მრევლის ნაწილი მიტროპოლიტს სჯულის კანონის დარღვევაშიც ადანაშაულებს.

„ვითხოვთ ერეტიკოსი მღვდების და ერეტიკოსი მღვდელმთავრის შესაბამისად სჯულის კანონის მუხლებით დასჯას, რამეთუ ისინი ეკუმენურად, კათოლიკური აღმსარებლობის სტუმრებს ასწრებენ მართალთა ლიტურგიის ბოლო ნაწილს და მეტიც, მათ უმასპინძლდებიან ნაკვეთი სეფისკვერით, რაც არის უდიდესი სჯულისმიერი დარღვევა" - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მომხდარს გამოეხმაურენ საპატრიარქოდანაც. საპატრიარქოში ამბობენ, რომ საკუთარი არგუმენტები ორივე მხარემ უკვე წარმოადგინა, საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის და შეგროვებულ მასალებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად პატრიარქს წარუდგენს.

კომენტარები