რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

სააკაშვილი: 2 მილირდი დოლარი აქვს პუტინს მიცემული ივანიშვილისთვის

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

დღეს, 20 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე რუსეთთან ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით,  რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საქართველოს პრემიერმინისტრისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის 2 მილიარდი აშშ დოლარი აქვს მიცემული და მისგან დათმობებს ელის, "პირველ რიგში საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მინიმუმ სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური განადგურების" სახით.

"ოქტომბრის შემდეგ ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა შეიცვლება, მაგრამ ვნახეთ, რომ რუსეთი არანაირად არ იცვლება. მგელი თავის მგლობას არ იშლის - ისევ მავთულხლართებს აკეთებს, ისევ პროვოკაციებს აკეთებს, ისევ ხალხს იტაცებს, საერთაშორისო არენაზე ისევ ძირს გვითხრის", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისთვის რუსეთის ამგვარი ქმედებები "აღმოჩენა არ არის". მისი თქმით, წინა ხელისუფლება რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში შესაძლოა რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით  "წინ წავსულიყავით", ვინაიდან "რუსეთი არ თვლის, რომ ამ მთავრობას რამე უნდა დაუთმოს",

"2 მილირდი დოლარი აქვს პუტინს მიცემული ჩვენი პრემიერმინისტრისთვის. რატომ ჩათვლის პუტინი, რომ მას რამე უნდა დაუთმოს? ის თვლის, რომ პრემიერმინისტრმა უნდა დაუთმოს მას ყველაფერი, ხომ ასეა? და რა უნდა დაუთმოს, პირველ რიგში საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მინიმუმ სამართლებრივ, პოლიტიკური და მორალური განადგურება და მეორე, ყველაფერ იმაზე დათანხმება, რასაც მე არ ვთანხმდებოდი მთელი ამ წლების განმავლობაში", - განაცხადა სააკაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისა სააკაშვილმა რუსეთში მოსალოდნელ ცვლიელებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს "გარდაუვალია" და ეს "მოხდება ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია".

"იმედია, საბოლოო ჯამში, რუსეთის ჩამოყალიბდება დემოკრატიულ, სრულფასოვან ქვეყნად და მაშინ გახდება მეზობლებისთვის ძალიან ადვილად საურთიერთო. ამასაც ჩვენ ყველანი მოვესწრებით, მთავარია მანამდე საქართველო იყოს ფორმაში და წელში გამართული", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები