უწყებათაშორისი კომისია

კოჟორიძე: უწყებათაშორისი კომისიის შესახებ არგუმენტები დამაჯერებელი არ არის

კახა კოჟორიძე
timer.ge

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ უწყებათაშორისი კომისიის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადატანასთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტაცია დასაბუთებული არ არის. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას თავისი პლუსები და მინუსები აქვს.

როგორც საიას თავმჯდომარე ტაბულასთან საუბარში აღნიშნავს, დამაჯერებელი არც ის არგუმენტია, რომ უშიშროების საბჭოს უწყებათაშორისი კომისიის გარდა ბევრი საქმე აქვს:

"ამ არგუმენტს არ ვეთანხმები. იუსტიციის სამინისტროსაც აქვს ძალიან ბევრი საქმე და ის არგუმენტი, რომ იუსტიციის სამინისტრო უფრო მოცლილია და სჯობს, მან გააკეთოს, არ არის დამაჯერებელი", - ამბობს კოჟორიძე.

კითხვაზე, ხომ არ იქნებოდა კომისიის მიუკერძოებლობის უკეთესი გარანტი, თუ მას ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი უხელმძღვანელებდა, კომისიის შემადგენლობაში კი მთავრობის წარმომადგენლები შევიდოდნენ, საია-ს თავმჯდომარე პასუხობს, რომ თუ კომისიის მუშაობაში განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას, თავმჯდომარის ვინაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება:

"თუ იქნება განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მონაწილეობა, ეს, ვფიქრობთ, კარგი იქნება კომისიის მუშაობისთვის ზოგადად. თუმცა აქამდე ასე არ იყო. 2012 წლის არჩევნებამდელ პერიოდში მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები ღებულობდნენ მონაწილეობას. შუალედური არჩევნების დროს, კომისიის თავმჯდომარე იყო სხვა პოლიტიკური გუნდის, ხოლო დანარჩენი წევრები - სხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები. ამ სიტუაციაში, ჩემი აზრით, არ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ იქნება თავმჯდომარე. მთავარია, რომ იქ მონაწილეობდნენ სხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებიც, მაგალითად, ცუდი არ იქნება, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც იქნება წარმომადგენელი", - ამბობს კოჟორიძე.

საია-ს თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ მის ორგანიზაციას ეს საკანონმდებლო ცვლილება არ მოუთხოვია.

17 ივლისს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ უწყებათაშორისი კომისიის სხვა სტრუქტურისთვის დამქვემდებარება საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა მოითხოვეს.

ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონის მიღების შემთხვევაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია უშიშროების საბჭოს მართვიდან იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის ქვეშ გადავა.

 

კომენტარები