ერთიანი ეროვნული გამოცდები

ანტი-NATO კარიკატურები ისტორიის ტესტებში აქამდე არ ყოფილა

კუკრინიკსები
my-ussr.ru
ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტებში ანტი-NATO კარიკატურებია მოცემული. ისტორიის ტესტებში კარიკატურებთან დაკავშირებული ტესტური დავალებები აქამდე არ ყოფილა. წლევანდელ ისტორიის ტესტში მხოლოდ "კუკრინიკსების" მიერ შექმნილი კარიკატურები გვხვდება. ორივე ვარიანტის ტესტური დავალება ანტი-NATO კარიკატურებს შეეხება და ის ცივ ომთან არის დაკავშირებული.  

ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში შეტანილი კარიკატურები, საბჭოთა მხატვრებისა და გრაფიკოსების შემოქმედებით კოლექტივს - "კუკრინიკსებს" ეკუთვნით. "კუკრინიკსები" საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის წევრები იყვნენ - მიხაილ კუპრიანოვი, პორფირი კრილოვი და ნიკოლაი სოკოლოვი. სახელწოდება კუპრიანოვისა და კრილოვის გვარების პირველი მარცვლებისგან, ასევე ნიკოლაი სოკოლოვის სახელის პირველი სამი ასოსგან და გვარის პირველი ასოსგან შედგება. "კუკრინიკსები" ანტი-NATO და ანტიდასავლური კარიკატურების შექმნით იყვნენ დაკავებულები, რასაც აქტიურად ტირაჟირებდა საბჭოთა პრესა.
 

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი, მანანა ჯავახიშვილი netgazeti.ge-სთან საუბარში აცხადებს, ტესტის შემდგენელთა სურვილი იყო, აბიტურიენტებისთვის ეჩვენებინათ, რომ ანტი-NATO-ს პოზიციები საბჭოთა აზროვნებაა.

"ჩვენ გვაქვს დავალება ეროვნულ გამოცდებზე, რომელსაც ჰქვია ისტორიული წყაროს ანალიზი. ეს ისტორიული წყარო შეიძლება იყოს როგორც წერილობითი, ასევე ვიზუალური, რუკა, კარიკატურა და ა.შ. ამ შემთხვევაში ეს კარიკატურა არის ჩვეულებრივი ისტორიული წყარო, რომელიც შექმინლია საბჭოთა კავშირში, ცივი ომის პერიოდში, არის ანტიდასავლური, ანტიამერიკული, ასეთი მეთოდებით ებრძოდა საბჭოთა კავშირი დასავლეთს. ჩვენ სწორედ ეს გვინდა ვაჩვენოთ აბიტურიენტს, რომ ანტი-NATO პოზიციები საბჭოური აზროვნებაა, აბსოლუტურად არაფერი არ არის აქ ჩადებული დამატებით, ეს ელემენტარულია. აბიტურიენტს როდესაც ვეკითხებოდით, სად შეიქმნებოდა ეს კარიკატურა, ის უნდა მიხვდეს, რომ ასეთი რამ ხდებოდა საბჭოთა კავშირში, ეს აჩვენებს როგორ აზროვნებდნენ და ებრძოდნენ დასავლეთს სწორედ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ეს არ ნიშნავს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის პოზიციაა ანტიდასავლური”, - აცხადებს მანანა ჯავახიშვილი. როგორც ჯავახიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მსგავსი შეკითხვები ტესტებში ყოველ წელს შედის. 

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი, ტაბულასთან საუბარში, სამინისტროს განმარტებას არადამაკმაყოფილებელს უწოდებს. მისი თქმით, ისეთი კარიკატურების ტესტში მოტანისას, რომელმაც შესაძლოა საბჭოთა ნოსტალგია გამოიწვიოს და არაერთგვაროვნად იქნეს აღქმული, სამინისტროს მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა. 

კომენტარები