NDI-ის კვლევა

სამუშაო ადგილების საკითხში პრემიერის საქმიანობას დადებითად 13% აფასებს

პრემიერის საქმიანობის შეფასება
პრემიერის საქმიანობის დადებითად შეფასებამ 8%-ით იკლო. NDI-ის კვლევის თანახმად, 2013 წლის ივნისში საქართველოს პრემიერმინისტრის საქმიანობას ძალიან კარგად და კარგად რესპონდენტთა 55% აფასებს, მარტში კი აღნიშნული მაჩვენებელი 63% იყო.

NDI-ის კვლევაში რესპონდენტებმა საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა სხვადასხვა სფეროს მიხედვითაც შეაფასეს.

12 ივლისს NDI-იმ უკვე წარმოადგინა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ნაწილი, რომელშიც მოსახლეობამ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხთა შორის პირველ ადგილზე სამუშაო ადგილები დაასახელა (61%). სამუშაო ადგილების კუთხით პრემიერ ივანიშვილის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის მხოლოდ 13% აფასებს, უარყოფითად კი 32%.

გასულ კვირას გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მეორე ადგილზე მოსახლეობამ პრიორიტეტულ სფეროდ ტერიტორიული მთლიანობა (34%) მიიჩნია. ამ სფეროში ივანიშვილის საქმიანობას საერთო ჯამში დადებითად 18% აფასებს, უარყოფითად კი 23%.

პრიორიტეტულ სფეროებს შორის მესამე ადგილზე რესპონდენტთა 30% ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას ასახელებს. ჯანდაცვის სფეროში პრემიერმინისტრის საქმიანობას დადებითად 30% აფასებს, უარყოფითად - 10%. მიმდინარე წლის მარტთან შედარებით ივანიშვილის საქმიანობას ამ კუთხით უფრო ნაკლები ადამიანი იწონებს. მაშინ კარგად და ძალიან კარგად პრემიერს საქმიანობას 39% აფასებდა, ცუდად და ძალიან ცუდად კი - 6%.

მეოთხე ადგილზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხთა შორის მოსახლეობამ სიღარიბე დაასახელა (26%). ამ კუთხით პრემიერის საქმიანობას დადებითად 14% აფასებს, უარყოფითად -25%.

პრემიერის საქმიანობის შეფასება
საგულისხმოა, რომ 2013 წლის მარტთან შედარებით, პრემიერმინისტრის საქმიანობის დადებითად შეფასება შემცირებულია თითქმის ყველა მიმართულებით - სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა, კრიმინოგენური მდგომარეობა, გადასახადები, ეროვნული უსაფრთხოება, ციხეები, ადამიანის უფლებები, რუსეთთან ურთიერთობა.

მარტთან შედარებით, პრემიერის საქმიანობის დადებითად შეფასებამ უმნიშვნელოდ მოიმატა მხოლოდ 2 სფეროში - სოფლის მეურნეობა და განათლება.

სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას საერთო ჯამში 39% აფასებს კარგად ან ძალიან კარგად (მარტში 39%), განათლების კუთხით კი - 35% (მარტში 28%).

NDI-ის კვლევა 2013 წლის ივნისში ჩატარდა და მის ფარგლებში 2,338 რესპონდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

კომენტარები