საქართველო-ევროკავშირი

ფულე: სპონტანურობა და მოკლე ვადაზე გათვლილი მოქმედებები უნდა ჩანაცვლდეს

შტეფან ფულე
wikipedia.org

"საქართველო არ უნდა გაიჭედოს წარსულში და გააფთრებული არ უნდა საუბრობდეს წინა მთავრობის საქციელზე. მეტი ენერგია მომავლის მშენებლობაში უნდა ჩაიდოს", - ამის შესახებ ევროკომისარმა შტეფან ფულემ ბათუმში, კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

ევროკომისრის თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შესახებ ორი მითი არსებობს, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება:

"პირველი მითია, თითქოს საქართველოს ვილნიუსის სამიტზე წარმატების დაბალი შანსები აქვს და ქვეყანა უკანასკნელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არ განაგრძობს მანამდე არჩეულ პროევროპულ, პროდემოკრატიულ და რეფორმებისკენ მიმავალ კურსს. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს რეალობას სრულად ასახავს.

მეორე მითია, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო წარსულ მემკვიდრეობასა და დანაშაულებებთან მიმართებაში, რომ ევროკავშირი ამ პროცესების მიმართ არ არის საკმარისად ყურადღებიანი. ეს უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს - ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის. იმისათვის, რომ ერთობლივი წინსვლა გვქონდეს, ევროკავშირის სტანდარტები და ფასეულობები დაცული უნდა იყოს. გზა, რომელიც ვილნიუსისკენ მიდის, უნდა იყოს ნამდვილად ევროპული და ნაბიჯებიც ამ გზაზე ევროპულად უნდა გადაიდგას. სხვა გზა არ არსებობს", - აცხადებს შტეფან ფულე.

მისივე თქმით, ეს მიზნები ერთმანეთს არ გამორიცხავს, საქართველო არ უნდა გაიჭედოს წარსულში და მეტი ენერგია მომავლისკენ უნდა მიმართოს:

"ეს არ ნიშნავს, რომ ეს ორი მიზანი - ერთი მხრივ, საქართველოს წარმატება ვილნიუსის სამიტზე და მეორე მხრივ, წარსულთან მოპყრობა, ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. ეს კიდევ ერთი მითი იქნებოდა. არავინაა კანონზე მაღლა და ყველა დანაშაული უნდა გამოიძიონ. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ გამოირიცხოს მართლმსაჯულების პოლიტიზება და მისი გამოყენება ნებისმიერი მხრიდან პოლიტიკური ან შურისძიების მიზნით. გზა უნდა იყოს სამართლიანი და აპოლიტიკური.

საქართველომ წინ უნდა წაიწიოს. ის არ უნდა გაიჭედოს წარსულში და გააფთრებული არ უნდა საუბრობდეს წინა მთავრობის საქციელზე. მეტი ენერგია მომავლის მშენებლობაში უნდა ჩაიდოს. უნდა განვითარდეს რეალურად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და დემოკრატიული ინსტიტუტები, კონტროლისა და ბალანსის ეფექტური მექანიზმით. სპონტანურობა და მოკლე ვადაზე გათვლილი მოქმედებები უნდა ჩანაცვლდეს უფრო მძლავრად დაფუძნებული და შეთანხმებული პროცედურებით, გაუმჯობესებული ან ახალი ინსტიტუტებით. მხოლოდ მაშინ იქნება საქართველოს გზა ჭეშმარიტად ევროპული", - აცხადებს ფულე.

კომენტარები