NDI-ის კვლევა

რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით, ოქტომბრის შემდეგ ძირითადად არაფერი შეცვლილა

NDI-ის რესპონდენტთა აზრით, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მდგომარეობა ძირითადად არ შეცვლილა.

კერძოდ, რესპონდენტთა 66 პროცენტის აზრით, არ შეცვლილა მდგომარეობა სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით. 17 პროცენტის აზრით,  ამ მხრივ მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 7 პროცენტის აზრით, გაუმჯობესდა.

გამოკითხულთა 74 პროცენტის აზრით, არ შეცვლილა მდგომარეობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. 15 პროცენტის აზრით, ამ მხრივ სიტუაცია გაუარესდა, 4 პროცენტი კი ფიქრობს, რომ გაუმჯობესდა.

რაც შეეხება ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა 57 პროცენტის აზრით. 8 პროცენტი მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუარესდა, 27 პროცენტის აზრით კი - გაუმჯობესდა.   

72 პროცენტი მიიჩნევს, რომ არაფერი შეიცვალა სიღარიბის თვალსაზრისით. ამ მხრივ გაუმჯობესებას ხედავს 6 პროცენტი, გაუარესებას - 15.

55 პროცენტის აზრით, არაფერი შეცვლილა რუსეთთან ურთიერთობებში. 25 პროცენტის აზრით, ურთიერთობები გაუმჯობესდა, 6 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ გაუარესდა. ამ კითხვაზე პასუხისგან თავი 10 პროცენტმა შეიკავა.

ადამიანის უფლებების მხრივ არაფერი შეცვლილა - ასე ფიქრობს გამოკითხულთა 44 პროცენტი. 34 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ სიტუაცია გაუმჯობესდა, 3 პროცენტი -  რომ გაუარესდა. 15 პროცენტმა პასუხისგან თავი შეიკავა.

რესპონდენტთა აზრით, ყველაზე მეტად სიტუაცია გაუმჯობესდა ციხეებში - ასე ფიქრობს გამოკითხულთა 39 პროცენტი. ასევე - სამართლიანი არჩევნების (38), სიტყვის თავისუფლების (27), საკუთრების უფლების (22) თვალსაზრისით.

სამუშაო ადგილებსა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან ერთად, ყველაზე მეტი რესპონდენტი გაუარესებას ხედავს კრიმინალის თვალსაზრისით - 17 პროცენტი.

კვლევა მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა. 2 338 რესპონდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

კომენტარები