საქართველო-ევროკავშირი

ფულე: პრემიერის განცხადება არჩევნების შესახებ "სწორი ტონის მომცემია"

dt.ua

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ ხაზი გაუსვა საქართველოში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიული ღირებულებების  მნიშვნელობას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის.   

"ვილნიუსის სამიტის მოახლოება გადამწყვეტი მომენტია იმ დროს, როდესაც საქართვლოსგან ველით მყარ გადაწყვეტილებას ევროპაში ინტეგრაციის თვალსაზრისით. პრემიერმინისტრს იმ პრინციპების მნიშვნელობაზე ვესაუბრე, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებზეა დამყარებული", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე შტეფან ფულემ.    

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. "ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იყო ნამდვილად თავისუფალი. თუმცა პროცესი, რომელიც არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ვითარდება, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე ვაკვირდებოდი  პროცესებს საქართველოში  და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა არჩევნების გზით შეიცვალა. ვიმედოვნებ, საპრეზიდენტო არჩევნებიც საქართველოს დემოკრატიულობის მანდატის დადასტურება იქნება",  - განაცხადა ევროკომისარმა.  

იგი მიესალმა საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია მაქსიმალურად თავისუფლად და გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, ასევე სამართალდამცავმა ორგანოებმა "მკაფიოდ დასაბუთებული უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, თავი უნდა შეიკავონ დანაშაულში მხილებულ იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და დაკავებისაგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში".

შტეფან ფულეს განცხადებით, "მივესალმები ამ დეკლარაციას, რომელიც, ვფიქრობ, სწორი ტონის მომცემია საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენისათვის".

ფულემ განაცხადა, რომ პრემიერთან მოლაპარაკებებზე საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევაჯამებთ და პარაფირებას გავუკეთებთ ამ შეთანხმებას ვილნიუსის სამიტზე. ეს შეთანხმება ითვალისწინებს მჭიდრო პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან, საქართველოს მოქალაქეებისთვის მრავალი სარგებლის გათვალისწინებით", - აღნიშნა ევროკომისარმა. 

კომენტარები