სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახურმა შსს-ს არამიზნობრივი ხარჯები გამოაქვეყნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 2011-2012 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ შსს-მ არამიზნობრივად 1 660 800 ლარი დახარჯა. ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე შერმადინმა მიაწოდა.

შერმადინის თქმით, აუდიტმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის ფაქტები გამოავლინა. გარკვეული შესყიდვები კომპანიებისგან განხორციელებულია გამარტივებული შესყიდვის გზით, რის მიზეზადაც სახელდებოდა შესყიდვის გადაუდებელი აუცილებლობა, მაშინ როდესაც ასეთი აუცილებლობა არ არსებობდა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციითб შპს ალგორითმისაგან, 2011 წელს, ერთ პირთან მოლაპარაკების გზითб სამინისტრომ შეიძინა 5 000 პლანშეტური კომპიუტერი, 2 775 000 ლარად, ასევე 2012 წლის იანვარში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა ალგორითმმა, რომელიც იყო ერთადერთი პრეტენდენტი და ამ შემთხვევაში მისგან შეძენილია 2 000 ცალი პლანშეტური კომპიუტერი, 1 100 000 ლარად. ამ კომპანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროდუქცია 30%-იანი ფასნამატით მიჰყიდა, რაც ჯამურად 749 000 ლარს შეადგენდა.

ასევეб შსს-მ 2012 წლის ივლისში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზითб შპს საქართველოს ფოსტისაგან შეისყიდა 981 000 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სათადარიგო ნაწილები. საქართველოს ფოსტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან გაირკვა, რომ აღნიშნული პროდუქციის ფასნამატმა შეადგინა 360 000 ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მასალები შემდგომი მოკვლევისათვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა.

კომენტარები