რუსეთი

რუსეთის სასამართლომ გარდაცვლილი მაგნიტსკი დამნაშავედ ცნო

themoscownews.com

მოსკოვის ტვერის სასამართლომ 2009 წელს გარდაცვლილი იურისტი სერგეი მაგნიტსკი გადასახადების დამალვაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ფონდ Hermitage Capital-ის (სადაც სერგეი მაგნიტსკი მუშაობდა) გენერალური დირექტორი უილიამ ბრაუდერი და დაუსწრებლად ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგნიტსკი კი სასჯელისგან გაათავისუფლა მისი გარდაცვალების გამო.

სასამართლოს განაჩენის თანახმად, მაგნიტსკიმ და ბრაუდერმა, საგადასახადო დეკლარაციების გაყალბების გზით, დაახლოებით 15 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადები დამალეს. არც მაგნიტსკის ოჯახს და არც ბრაუდერს პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ - მათ ინტერსებს სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატები იცავდნენ.

Hermitage Capital-ის იურისტი სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს 37 წლის ასაკში საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა, სადაც 11 თვის განმავლობაში იმყოფებდა მას შემდეგ, რაც გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებამდე მან საგადასახადო ინსპექციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 160 მილიონი დოლარის ოდენობის თანხების მითვისებაში ამხილა.

მაგნიტსკის გარდაცვალებამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია როგორც რუსეთში, ასევე მთელ მსოფლიოში. ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, მაგნიტსკი ციხეში წამების შედეგად გარდაიცვალა. შეერთებულმა შტატებმა "მაგნიტსკის სია" დაამტკიცა, რომელიც ამ საქმესთან კავშირში მყოფი რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს.  

კომენტარები