რაფალიანცის საქმე

ბარბარე რაფალიანცის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

Police.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება გარდაცვლილი ბარბარე რაფალიანცის ოჯახი და სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

"ნდობა გვაქვს დაკარგული, გამომძიებლებს უნდობლობას ვუცხადებთ. თუ ვერ იძიებენ საქმეს ღარიბაშვილის გამოყოფილი გამომძიებლები, გადაეცეს ის პროკურატურას, თუმცა ამაზეც უარი მივიღეთ. ღარიბაშვილმა თქვა, ჩვენ გამოვიძიებთო, მაგრამ ამას რის საფუძველზე იძახის, როცა გამომძიებლებს ვურეკავთ და არანაირ დამაიმედებელს არ გვეუბნებიან", - საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი დაღუპული ჩვილის დედის, თათია მექერიშვილის კომენტარს ავრცელებს.

თათია მექერიშვილი ასევე აცხადებს, რომ ოჯახის წევრები საგამოძიებო უწყებაში სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის მიზნით მოტყუებით მიიყვანეს.

"ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდით, მაგრამ გვითხრეს, მთავრობის პირს უნდა თქვენთან შეხვედრაო. წაგვიყვანეს მოტყუებით და დაგვსვეს სიცრუის დეტექტორზე", - განაცხადა მექერიშვილმა.

ბარბარე რაფალიანცის ოჯახი ითხოვს, ეს საქმე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს; ასევე, თხოვნით მიმართავს საქართველოს პრემიერმინისტრს, საქმეში FBI-ს გამომძიებლების ჩასართავად ფინანსური დახმარება გამოყოს.

შეგახსენებთ, 9 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: "წინა ხელისუფლების დროს ეს გამოძიება ჩიხში იყო შეყვანილი. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ამაზე დასკვნების გაკეთება მოგვიანებით შეგვეძლება".

კომენტარები