რაფალიანცის საქმე

ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს

გასული წლის 30 სექტემბერს გარდაცვლილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროში სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს. ინფორმაციას ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

რაფალიანცის ოჯახის წევრები შსს-ში ისე წაიყვანეს, რომ მათთვის ცნობილი არ იყო სიცრუის დეტექტორით შემოწმების შესახებ. შემოწმება გარდაცვლილის დედას, დეიდას, ბებიას და ოჯახის კიდევ სამ წევრს ჩაუტარდა. მათი თქმით, კითხვები ძირითადად ბავშვის გარდაცვალებასთან ოჯახის წევრების შესაძლო კავშირს ეხებოდა.

10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ბავშვის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მაშინ ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ.

9 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "წინა ხელისუფლების დროს ეს გამოძიება ჩიხში იყო შეყვანილი". "შეგნებულად თუ შეუგნებლად, ამაზე დასკვნების გაკეთება მოგვიანებით შეგვეძლება. არ იქნა დროულად გამოძიებული ცხელ კვალზე. ძალიან რთული იყო და რთული გახდა ამ ფაქტის დროულად გამოძიება. მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით, ჩვენ ამას აუცილებლად გამოვიძიებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, არ არსებობს იმის საჭიროება, რომ ეს საქმე პროკურატურას გადაეცეს, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები მოითხოვდნენ. 

კომენტარები