ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ირაკლი კაკაბაძის საქციელს გმობს

ირაკლი კაკაბაძე
ithacacityofasylum.com

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 8 ივლისს პრესკონფერენციაზე ირაკლი კაკაბაძის მხრიდან რუსთავი 2-ის ჟურნალისტის შეურაცხყოფას გმობს - ამის შესახებ ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომხდარზე რეაგირების თხოვნით ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიმართა:

"სამაუწყებლო კომპანია აღნიშნავს, რომ პრესკონფერენციაზე ირაკლი კაკაბაძემ შეურაცხყოფა მიაყენა "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს, პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა კი არ მისცეს მას კითხვის დასმის საშუალება. წერილს თან ერთვის ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გაეცნო როგორც სამაუწყებლო კომპანიის წერილს, ისე თანდართულ ვიდეომასალას და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და შეურაცხყოფის ნებისმიერი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს 8 ივლისის პრესკონფერენციაზე მომხდარს და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. ქარტია მოუწოდებს როგორც საჯარო მოხელეებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო პირებს, თავი შეიკავონ ჟურნალისტების შეურაცხყოფისგან, მაქსიმალურად უზრუნველყონ მედიისთვის მუშაობის კანონიერი უფლება. ამასთან, პრესკონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზატორებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი ჟურნალისტებს მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კითხვის დასმის გამო, ქარტიის წევრი თუ არაწევრი ჟურნალისტები მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

"ამგვარი ფაქტების სამართლებრივი შეფასება და ქმედებათა კვალიფიცირება არ შედის ქარტიის ფუნქციებში. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს მედიასაშუალებებს, ნუ დატოვებენ ანალოგიურ შემთხვევებს სამართლებრივი რეაგირების გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები