ბედუკაძის საქმე

წულუკიანი: ბედუკაძეზე შუამდგომლობა პროკურორმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ვლადიმერ ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის შუამდგომლობის შესახებ გადაწყვეტილება მან მას შემდეგ ნახა, რაც დოკუმენტი სასამართლოში მიიტანეს.

მისივე თქმით, აღნიშნული შუამდგომლობის შესახებ გადაწყვეტილება მთავარმა პროკურორმა დამოუკიდებლად მიიღო.

"ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის შუამდგომლობის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო მთავარმა პროკურორმა. მე ეს შუამდგომლობა ვნახე მას შემდეგ, რაც შეტანილ იქნა სასამართლოში. შუამდგომლობას გარკვეულწილად, დასაბუთებული იყო, თუმცა გამორჩენილი იყო ის ფაქტი, რომ საქმე ეხებოდა სულ მცირე არაადამიანურ მოპყრობას და მაქსიმუმ - წამებას. ამ ორ ნაწილში საერთაშორისო სამართალი და მათ შორის ჩვენი კანონი კრძალავს იმას, რომ ვინმეს რაიმე ტიპის შეღავათი გაუკეთონ, მითუმეტეს, ამ ხარისხის შეღავათი. ამიტომ გადასასინჯია, როგორი გამოსავალი უნდა გამოიძებნოს. მე ამაზე ვიცი, რომ მთავარი პროკურატურა მუშაობს და დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, რა გამოსავალს შემოგვთავაზებენ. თუმცა, თვითონ სისხლის სამართლის, როგორც მატერიალური, ისე საპროცესო კოდექსი ძალიან ბევრ გასაქანს ამ მხრივ არ იძლევა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართვას მთავარი პროკურორისადმი, რომ გადაიხედოს ბედუკაძის საქმე, თეა წულუკიანი ეთანხმება.

ციხის სკანდალის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის თხოვნით პრემიერმა მთავარ პროკურორს დღეს, 8 ივლისს მიმართა.

"არანაირი გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისათვის", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი მიმართვაში.

კომენტარები