ქუთაისის მერია

ირმა ნადირაშვილი: ქუთაისის ვიცემერების გათავისუფლება უკანონოა

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ნადირაშვილი, ქუთაისის ვიცემერების თანამდებობიდან გათავისუფლებას უკანონოდ აფასებს და მაღალჩინოსნების მიმართ მუქარაზე საუბრობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როცა ვიცემერებს არ უფიქსირდებათ არცერთი გადაცდომა, არ მიუღიათ არცერთი გაფრთხილება და მათ მიმართ არ წარმოებს არანაირი ოფიციალური დევნა, მათი გათავისუფლება არის უკანონო და ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის შესახებ კანონს.

"საქართველოს არჩეული თვითმმართველობების უმრავლესობის მსგავსად ქუთაისის თვითმმართველობის არასაარჩევნო, ძალადობრივი გზით დაუფლების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო დაიწყო თანამშრომელთა მასობრივი უკანონო დათხოვნები. სამსახურიდან გათავისუფლების ერთადერთი კრიტერიუმი ქუთაისის ახალი მერის, დიმიტრი კოპალიანის განცხადებითვე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრობაა. მერის 4 ივლისის ბრძანებით, რომელიც გამოცემულ იქნა კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალების დროებითი შემსრულებლის, ხათუნა ხურციძის (საატესტაციო კომისიის წევრის, ზურაბ ხურციძის შვილი) იმავე დღეს დაწერილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა ორი ვიცემერი: ამირან ძოწენიძე და კოტე რატიანი. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ქალაქის ახალი ხელმძღვანელობა ახორციელებდა ზეწოლას ორივე ვიცემერზე, რათა მათ საკუთარი სურვილით დაეტოვებინათ თანამდებობა. ზეწოლისადმი არდამორჩილების შემთხვევაში კი, სისხლის სამართლებრივი დევნისა და დაპატიმრების მუქარები იყო", - განაცხადა ნადირაშვილმა.

 ნადირაშვილი ნეპოტიზმის შემთხვევებზეც საუბრობს. მისი თქმით, ქუთაისის მერიიდან 87 ადამიანი გაათავისუფლეს.

"ეს ყველაფერი ხდება ნეპოტიზმის არნახული აყვავების ფონზე, რამაც ფაქტობრივად წალეკა სახელმწიფო აპარატი. მაგალითად, აპრილის მონაცემებით, 50 მუნიციპალიტეტიდან დათხოვნილი 2,000 ადამიანის სანაცვლოდ სამსახურში აყვანისას მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში ჩატარდა კონკურსი. იმ დროს, როცა ეკონომიკა განიცდის შენელებას და ხალხი ყოველდღიურად კარგავს სამსახურს, ბიუროკრატიის ზრდა ეკონომიკას კიდევ უფრო შეანელებს. ეს ეკონომიკის ზოგადი კანონია", - თქვა ნადირაშვილმა.

კომენტარები