სასამართლოს გადაწყვეტილება

ბორჯომში ყოფილი პოლიციის უფროსის პატიმრობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ

ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი
sknews.ge

ბორჯომის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას ცენტრალური მაგისტრალი აქვს გადაკეტილი - ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ქალაქის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანის გათავისუფლებას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღმკვეთი ღონისძიების სახით ხვედელიანს პატიმრობა არ შეეფარდება, მასშტაბურ აქციებს ყოველდღე გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გუშინ, 3 ივლისს, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ოთხი პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მამუკა ხვედელიანი, რომელიც არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში იყო ბრალდებული, სასამართლომ გაამართლა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მოგვიანებით ამ საქმესთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გაავრცელა:

 "სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ იძლეოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის სტანდარტს. შესაბამისად, სასამართლომ ყველა ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და გაათავისუფლა სასამართლო სხდომის დარბაზიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები