სასამართლოს გადაწყვეტილება

სასამართლომ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი და თანამშრომლები გაამართლა

ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი
sknews.ge

ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ოთხი პირი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. მამუკა ხვედელიანი, რომელიც არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში იყო ბრალდებული, სასამართლომ გაამართლა. აღნიშნული პირები რამდენიმე თვის წინ დააკავეს.

მამუკა ხვედელიანის წინააღმდეგ გამოძიება, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, მოქალაქე ვ.გ-ს განცხადების საფუძველზე დაიწყო. ვ.გ მიუთითებდა, რომ სამმართველოს თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სკამის ფეხით გააუპატიურეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ, ვ.გ პოლიციის შენობაში გადაიყვანეს და იმავე შენობის მეორე სართულზე სცემეს. პროკურატურის განცხადებით, ვ.გ-ს სცემდნენ და აუპატიურებდნენ ამავე სამმართველოს თანამშრომლები: გიორგი ბლიაძე, ალექსანდრე ბლიაძე, სერგო სამსონიძე და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი.

ამ საქმეზე ხვედელიანს სისხლის სამართლის კოდექსის 143 მესამე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაედო ბრალი, რაც გულისხმობს პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.

 

კომენტარები